დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტავს რა არის ანაფილაქსია.
“ანაფილაქსია დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. ანაფილაქსიის პირველი სიმპტომებია მკვეთრი ადგილობრივი რეაქცია, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამოხატული სიფერმკრთალე, არტერიული წნევის ვარდნა. ანაფილაქსიური შოკი შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს”. – ვკითხულობთ ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრის განმარტებით, ანაფილაქსია არის ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას.
ახალციხეში აცრილი 27 წლის ექთანი, რომელიც ვაქცინაციიდან 30 წუთში, სავარაუდოდ, ალერგიულ ფონზე დამძიმდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
ინფორმაცია „პუბლიკას“ ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.
დაახლოებით დღის 11:00-ზე კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობდა, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო და „დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ შეინიშნებოდა“. „ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს კვლავ გულის გაჩერებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ 4 საათისთვის სამინისტროში შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აცრის შემდგომ პერიოდში სამედიცინო პერსონალს ახალციხის „იმედის“ კლინიკაში სავარაუდო გვერდითი რეაქცია დაუფიქსირდა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან.
„ამდენად დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. როგორც ეს ხდება გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა, იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი, დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის“, – თქვა გაბუნიამ.