სენატში ისტორიულ სხდომაზე მსოფლიოს გასაგონად გაცხადდა დიდი ამერიკელი მეგობრების პოზიცია - ნათელაშვილი

პუბლიკა

„მინდა, დავიწყო მოლოცვით სრულიად საქართველოზე. გუშინ აშშ-ის სენატში შედგა ისტორიული სხდომა, სადაც მთელი მსოფლიოს გასაგონად გაცხადდა ჩვენი დიდი ამერიკელი მეგობრების პოზიცია, რომ ისინი დგანან ამ ურთულეს დროს ისევ და ისევ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის სენატში გაკეთებულ განცხადებებს.

„ჩვენც, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა ვიმოქმედოთ, რათა დამთავრდეს ბოროტება, პუტინის ფილიალის სახით, რომელსაც წარმოადგენს დღევანდელი ივანიშვილის რეჟიმი“, – თქვა მან.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა სარჩელი დეპუტატის მანდატის ვადაზე ადრე შეჩერებასთან დაკავშირებით.

ნათელაშვილის თქმით, „დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვით და ყაჩაღობით შექმნილი ვაიორგანო“, ანუ პარლამენტი არ უნდა დარჩეს ასპარეზზე.

„ჩვენც, ოპოზიციამ, უარი უნდა ვთქვათ ამ პარლამენტში მოღვაწეობაზე და კატეგორიულად უნდა დავსვათ საკითხი, რომ ახალი არჩევნები, დემოკრატიული, მრავალპარტიული, კოალიციური მთავრობა – აი ეს არის გამოსავალი და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ჩვენი ცივილიზაციის გაყვანა იმ დიდ მსოფლიო განვითარებაში, სადაც ჩვენი კანონიერი ადგილი ყოველთვის გვქონდა“, – განაცხადა ნათელაშილმა.