დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განმარტა, რომ არსებული მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებული ადამიანებიდან, ჯერჯერობით, გვერდითი მოვლენა ან რეაქცია 27-ს გამოუვლინდა.
„გვერდითი მოვლენები და რეაქციები ვაქცინაციის შემდეგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს რამდენიმე გვერდითი მოვლენა და რეაქცია. საქართველოში ვაქცინირებულებიდან, ჯერჯერობით, რეგისტრირებული გვაქვს 27 ასეთი შემთხვევა. მათგან 4 შემთხვევა იყო, როდესაც დასჭირდათ ინტენსიური თერაპია, 3 შემთხვევაში – ჰოსპიტალიზაცია, ხოლო 2 შემთხვევაში – რეანიმაციული ღონისძიება“, – განაცხადა ზახაშვილმა.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია სულ 8536 ადამიანი – სამედიცინო პერსონალი და 65 წელს ზემოთ მყოფი პირები.