დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სააკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა იმ ვაქცინების შესახებ, რომლებიც მომდევნო თვეების განმავლობაში შემოვა ქვეყანაში. მისი თქმით, კონტრაქტამდე მისულია მოლაპარაკებები ამერიკული ვაქცინის „ნოვოვაქსის“ მიღებაზე.
„რაც დადასტურებით ამჟამად ჩვენ ვიცით, ეს არის 86 ათასი დოზა „ასტრაზენეკასი“, რომელიც აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში შემოვა. აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში მეორე ჩინური ვაქცინის „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა უნდა შემოვიდეს. აქტიური მოლაპარაკებებია და კონტრაქტამდე მისულია მოლაპარაკებები „ნოვოვაქსის“ მიღებაზე, ასევე, აქტიური მოლაპარაკებაა „ფაიზერთან“ მილიონ დოზაზე“, -თქვა მან.
გამყრელიძის განმარტებით, სავარუდოდ „ნოვოვაქსის“ ვაქცინა ქვეყენაში აგვისტოში შემოვა.
„ნოვოვაქსთან“ უფრო კონკრეტული საუბარია აგვისტოდან, რადგან ის ჯერ არ იწარმოება და არც დაშვებული არ არის. მან გაიარა კვლევის სამი ფაზა, „ნოვოვაქსი“ არის ძალიან ძლიერი და დიდი ამერიკული ვაქცინების მწარმოებელი კომპანია. მან გააკეთა ახალი გენერაციის ვაქცინა, სპაიკპროტეინზე დამყარებული. მისმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა მაღალი ეფექტურობა სამივე ფაზაში.
„ნოვოვაქსმა“ მისცა ლიცენზია ინდოეთის ცნობილ სერუმ ინსტიტუტს, რომელიც, ასევე, „ასტრაზენეკას“ აწარმოებს და მილიარდი დოზა მან წელს უნდა აწარმოოს „ნოვოვაქსის“, მათ შორის სამასი მილიონი „კოვაქსისთვის“. ამიტომ, ჩვენთან ეს შემოდის „კოვაქსის“ საშუალებით და ასევე, პირდაპირი მოლაპარაკებაა სერუმ ინსტიტუტთან და უკვე მისულია ეს მოლაპარაკება გარკვეულ წერტილამდე, რომ ჩვენთან შემოვა, იქ წერია აგვისტო, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს იყოს ივლისი,“- განაცხადა გამყრელიძემ.