ყველას გიჩოქებთ. დადექით ჩვენ გვერდით ბიჭებო - მაკა სულაძე პოლიციელებს

პუბლიკა

დღეს სოფელ გუმათში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია 4 საათისთვის დაიწყო. პოლიციას ამ ადგილზე გზა აქვს გადაკეტილი  და პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებს. მოძრაობა – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” კი აცხადებს, რომ მათთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს მათი პროტესტის ნამოხვანში გამართვას, ამიტომ ამ ეტაპისთვის მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, სოფელ ნამოხვანში ჩასვლა და პროტესტის იქ გაგრძელებაა.

მოძრაობის – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ადგილობრივმა აქტივისტმა მაკა სულაძემ სოფელ გუმათში მობილიზებული პოლიციის წინაშე დაიჩოქა და ასე მიმართა:

„ქალი ამ მიწაზე დავბერდი და ჩემთვის არავის აუკრძალავს აქ სიარული და ახლა ვის მიყენებს წინ?! ქართველ ბიჭებს, ვინც უნდა დამიცვას? ვინც უნდა დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები?! ვინ ჩაიგდო რიონის ხეობა ხელში იცით თქვენ? თქვენ მერე წამოხვალთ ყველა ჩემს ეზოში და მე გამომაგდებთ ჩემი სახლიდან. ამას გიკეთებთ ხელისუფლება, არ გრცხვენიათ ბიჭებო? თქვენ რომ დაიბადეთ, ალბათ თოფი ისროლა თქვენმა პატრონმა სიხარულით, ქართველი ვაჟკაცი დაიბადაო და არ გრცხვენიათ ბიჭებო?! მაგ მარჯვენით ჭიქა უნდა აწიოთ და სამშობლოს სადღეგრძელო როგორ უნდა თქვათ?! თქვენი ტოლი ბიჭები რომ შეეწირნენ ამ მიწის დაცვას, თქვენ რას აკეთებთ, რას?!.

რას ითხოვს ის ხალხი განა, გაგვატარეთ, თავისუფლად გავიაროთ ამ გზაზე როგორც გვივლიაო და თქვენ რაში უპირისპირდებით?! ვეღარ გაიგეთ, რომ თქვენი ხელისუფლება თქვენ რომ გაყენებთ შეურაცხყოფას და სულში რომ გაფურთხებთ?!

გეყოთ ღირსება და დადექით ჩვენ გვერდით და მაშინ გექნებათ ისეთი სახელმწიფო, სადაც თქვენი პროფესიის აღსრულება არ შეგრცხვებათ. ხომ ვიცი, თქვენს გულში რა ხდება ახლა. არ გინდათ, ნუ გააკეთებთ ამას. ღირსეულად დადექით, გეხვეწებით. გეხვეწებით, გიჩოქებთ ყველას. ყველას სათითაოდ გიჩოქებთ. დადექით ჩვენ გვერდით ბიჭებო.

ეს საჯიშე ბიჭები მტრის მხარეს ნუ დადგებით, ხელისუფლებამ გაგვათახსირა თქვენც და ჩვენც. მიწა გამოგვაცალა ფეხქვეშ. გემუდარებით შვილებო, დამიჯერეთ… ბოლო შანსი გვაქვს, ბოლო შანსი, მეტი აღარ გვექნება, შვილები სად გინდათ, რომ გაზარდოთ?!. მონებად გინდათ, რომ გაზარდოთ?!  ბოლო შანსია, მიწა წაგვართვას მტერმა. გემუდარებით, არ ქნათ. გემუდარებით, გადამიარეთ მაშინ მე. გადამიარეთ მაშინ მე და წადით მერე. არ ავდგები, გადამიარონ, ჩემზე მოგიწევთ გავლა მაშინ.

თქვენ ხომ ადამიანები ხართ შვილო, მარტო დავალებების შემსრულებელი მანქანები ხომ არ ხართ, პიროვნებები ხართ, ადამიანები ხართ… სამშობლოს დაცვა არ არის ეს, დედა. არც კანონს იცავთ, არც სამშობლოს, რას აკეთებთ?!…

მე გადამიარეთ და ისე წადით თქვენი ძმების დასაპირისპირებლად, რომლებიც სამშობლოს იცავენ. ნუ იზამთ ამას შვილო. განა რას ვითხოვთ, ჩვენს მიწაზე თავისუფლად სიარულს ვითხოვთ, მეტს არაფერს”, – მიმართა მაკა სულაძემ პოლიციას.