უმრავლესობის დეპუტატმა, ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავის გამოსვლაში ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.
დეპუტატმა მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციისა და რეგულაციების დაცვისაკენ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში ინფიცირების კრიტიკული მატებაა.
„მტერი გვყავს კაცობრიობას დაუძინებელი – კოვიდი. წელიწად-ნახევარი გავიდა და კოვიდი ჩვენი, ადამიანების მეოხებით აღწევს წარმატებას. როგორ ვთქვა, ჯერადი მატება გვაქვს. ეს არ არის რამდენიმე ციფრით მატება, არამედ ჯერადი, 3,6%-ზე ავიდა დადებითობის მაჩვენებელი. 4 არის უკვე კრიტიკული ზღვარი, რომელიც გვაიძულებს ჩვენ იმ ღონისძიებების მხარეს გადავიხაროთ, რომლებიც არ მოგვწონს არავის. ხომ ხედავთ დარბაზშიც შევთხელდით, ჩვენც მოგვერია, რაღაც-რაღაცები გამომჟღავნდა.
არ შემიძლია ეს არ ვთქვა, ნუ გეწყინებათ ჩემგან. ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ კატასტროფულად დაფარულად ვითარდება სარიტუალო-გასართობი ღონისძიებები, კანონის საწინააღმდეგოდ, სრულიად საქართველოს ბინადარნო. ძალიან გთხოვთ, ეს შეზღუდვები გავისიგრძეგანოთ.
დღეს ჩვენ დიდი გამოწვევა გვაქვს. ჯერ საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა და ჯერ ექიმები და პაციენტები ერთმანეთის ნდობის აღდგენას აპირებენ, იმიტომ, რომ ბევრი ანტივაქსერია. ამიტომ ძალიან გთხოვთ – ვაქცინაცია და გონივრული ნაბიჯი, პოსტკოვიდური აზროვნება და კოვიდზე გამარჯვების ზეიმი. ჩვენი გადარჩენა ვაქცინაციაშია, მივხედოთ ამას, თქვენი აქტიურობაა საჭირო, და ბოლოს ვამთავრებ – პირბადე“, – ამბობს ლადო კახაძე.
ჩატარებული ტესტირების შედეგად ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.58 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 278 251-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 894 პაციენტი ემსხვერპლა.