პარლამენტის ექვსმა დეპუტატმა „ქართული ოცნება“ დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა

პუბლიკა

პარლამენტის  ექვსმა დეპუტატმა პარტია „ქარტული ოცნება“ დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ისინი ყოფილ პრემიერთან ერთად პარტიის მშენებლობაზე გადაერთვებიან. ხოჯევანიშვილის განცხადებით, ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად რჩებიან.

დეპუტატებს შორის არიან გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი.

„თითოეულმა კარგად იცით, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები, თანამოაზრეები და გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ეს სიახლე არავისთვისაა. თუმცა ახალი გახლავთ ის, რომ გიორგი გახარიასთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპსა და ახალ ფაზაზე.

ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში ამ ეტაპზე საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები. ვიყავით „ქართული ოცნების“ წევრები, შესაბამისად, ვიზიარებთ იმ წარმატებებსა და წარუმატებლობებს, რაც ამ პერიოდში მოხდა. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზე და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს.

ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე. მოქალაქეებს უწევთ გამკლავება ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიღარიბე, სიდუხჭირე. ეს ის პრობლემებია, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებთ და არა ის დაუსრულებელი პარტიების დაპირისპირება და კინკლაობა.

ვხედავთ ამ პრობლემებს, არ გვეშინია სიმართლის თქმის და მასთან თვალის გასწორების. დეტალურად სამომავლო გეგმებზე გუნდის ლიდერთან ერთად მოგვიანებით მოგახსენებთ“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.


22 მარტს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პირველად გამოჩნდა მედიასთან და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან არ წასულა.

„რაც შეეხება მომავალს, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ათასი ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ  და მეტიც არც პოლიტიკიდან არ წავალ.  რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს. რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა“, -განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გიორგი გახარიამ 18 თებერვალს განაცხადა.

როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნდა ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.