„ივანიშვილის „ბ“ გუნდი“, „ქართული ოცნება 2“, „დაცინვა“ | ოპოზიცია გახარიას გუნდს აფასებს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ექვსმა დეპუტატმა დღეს, 14 აპრილს განაცხადეს, რომ ტოვებენ „ქართულ ოცნებას“ და უერთდებიან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს. მათი ინფორმაციით, გახარია პარტიის შექმნაზე მუშაობას იწყებს.

დეპუტატების გადაწყვეტილებას არასწორი უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

„ის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ გამოავლინა ბოლოს რთული გადაწყვეტილების მიღების დროს გუნდთან ურთიერთობაში, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესებისა და მიზნების ნაცვლად, რომლებიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა არჩევნების დროს“, – თქვა მან.

„ქართული ოცნებიდან“ გახარიას გუნდის გამოყოფას გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ამ ადამიანებმა პოლიტიკურ პატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია უნდა გამოხატონ. მისივე თქმით, გახარიამ „უამრავ კითხვას, რომელიც მასთან არის“, პასუხი უნდა გასცეს.

„ჯერჯერობით ჩვენ გახარიასგან და მისი გარემოცვიდან რაიმე მკაფიო პოლიტიკური პოზიცია არაფერზე მოგვისმენია. მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა „ბ“ გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს. თუ ეს ასე არ არის, გვაჩვენონ თავისი მოქმედებებით“, – ამბობს ბოკერია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, თინა ბოკუჩავას მიაჩნია, რომ გახარიას გუნდი იმავე ივანიშვილის გუნდია.

„ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანი აკეთებდა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქვეყანაში ოდესმე საჭირო გახდებოდა ოპოზიცია, ის თავად შექმნიდა ოპოზიციას.

ავანსცენაზე გამოიყვანა თავის მიერ შექმნილი ოპოზიცია, იმიტომ, რომ კარგად ხვდება, რომ  ღარიბაშვილი-კობახიძის ამარა არჩევნებზე გასვლა იქნება შეცდომა და გადაწყვიტა, რომ უკვე „ქართული ოცნება 2-ით“ იასპარეზოს არჩევნებზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ „რუსთავი 2-თან“.

„ლელოს“ წარმომადგენელი ლევან სამუშია ფიქრობს, რომ გახარიას ოპოზიციაში გადასვლა „ცინიზმი და დაცინვაა“.

„ადამიანები საუბრობენ ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, კრიზისზე, გაუსაძლის მდგომარეობაზე, რომელიც თვითონ შექმნეს. უკაცრავად და გახარია ერთი თვის წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხომ არ იყო? ეკონომიკის მინისტრი ხომ არ იყო? შს მინისტრი ხომ არ იყო? ვინ შექმნა ეს პრობლემები?“, – განაცხადა სამუშიამ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი გახარიას გუნდის დღის წესრიგს ელოდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს, იქნება თუ არა გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ოპონენტი.

„თვითონ პროცესი, რომელიც დაიწყო, რომ გარკვეული ჯგუფი გამოეყო „ქართულ ოცნებას” და აპირებს განსხვავებული დღის წესრიგით, ოპოზიციური ფლანგიდან გააგრძელოს თავის საქმიანობა, ამას მხოლოდ მივესალმებით. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები მათ სამომავლო პოლიტიკურ პარტიასთან და თვითონ გიორგი გახარიას მიმართაც იქნება“, – თქვა იოსელიანმა.


პარლამენტის  ექვსმა დეპუტატმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ისინი ყოფილ პრემიერთან ერთად პარტიის მშენებლობაზე გადაერთვებიან. ხოჯევანიშვილისვე განცხადებით, ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად რჩებიან.

დეპუტატებს შორის არიან გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი.