ჰქონდა არასწორი დასაწყისი და მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი - კობახიძე გახარიას გუნდზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში გახარიას გუნდის გამოსვლას ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოეხმაურა.

კობახიძის შეფასებით, „არასწორი ქცევა ვიხილეთ“, რასაც გაგრძელებაც შესაბამისი ექნება.

„სამწუხაროა, რაც ვნახეთ. ბევრი მიზეზის გამო, ეს არ იყო სწორი ქცევა, რაც ვიხილეთ, მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ მანამდე არ ყოფილა არანაირი საუბარი და კონსულტაცია ამის შესახებ. როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. შესაბამისად, ამ ყველაფერს ჰქონდა არასწორი დასაწყისი და მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი“,- განაცხადა კობახიძემ.


პარლამენტის  ექვსმა დეპუტატმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ისინი ყოფილ პრემიერთან ერთად პარტიის მშენებლობაზე გადაერთვებიან. ხოჯევანიშვილისვე განცხადებით, ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად რჩებიან.

დეპუტატებს შორის არიან გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი.

გიორგი გახარიას გუნდს კრიტიკულად აფასებს როგორც მმართველი პარტია, ასევე ოპოზიცია, რომელსაც არ სჯერა, რომ გახარია „ქართული ოცნების“ რეალური ოპონენტი იქნება.