ზოგადად, დოკუმენტი არ მომწონს, არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას - ჯაფარიძე

პუბლიკა

დღეს ევროკავშირის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განმარტებით, შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისადმი, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიებისადმი და რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისთვის.

ხუთპუნქტიანი დოკუმენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, პოლიტპატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზაზე ჩანაწერის გამო, მისაღები გახდა და პოლიტსაბჭოებთან დამატებითი კონსულტაციების გავლის შემდეგ მზად იქნებიან ხელმოსაწერად.

 „დოკუმენტი არის უკეთესი, ვიდრე წინა დოკუმენტი იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ბევრად უფრო გასაგები მექანიზმი არის ჩადებული. ზოგადად, დოკუმენტი არ მომწონს, არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას, არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა და არც ამაზე მჯერა, თუმცა აქ კარგი ის არის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი უფრო კარგად არის გაწერილი, – ამის შესახებ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტზე საუბრისას, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

„ხელის მოწერას რაც შეეხება, ამ წუთში გადაწყვეტილება არ მაქვს. ჩვენ გვითხრეს, რომ გვექნება დრო, მოვიფიქროთ და მათ შორის ერთმანეთთანაც გვქონდეს კონსულტაციები. რასაც ვაპირებ არის ის, რომ წავიდე პარტიაში, მქონდეს კონსულტაციები, სხვა პარტიებთანაც მქონდეს კონსულტაციები და ამისა შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ამბავია, ეს არ გაგრძელდება დიდხანს და შეიძლება აქ გვქონდეს ერთიანი შეხვედრა. „ოცნება“ მოაწერს თუ არა, ეგ ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მაგაზე არაა დამოკიდებული ჩემი ხელმოწერა, მე თვითონ მაქვს მისაღები პრინციპული გადაწყვეტილება. არც ერთ პარტიას არ აქვს მნიშვნელობა, მე უნდა გადავწყვიტო და უნდა გადაწყვიტოს ჩემმა პარტიამ, მათთან მჭირდება კონსულტაცია.“ – განაცხადა ჯაფარიძემ.