მოძრაობა „სირცხვილიაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას” ეკისრება, თუმცა „მმართველი პარტიის სამწუხარო უპასუხისმგებლობა არ ათავისუფლებს ოპოზიციას პროცესში გარდატეხის შეტანის პასუხისმგებლობისგან.“ მოძრაობა „სირცხვილია” მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეთანხმება, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების გულშემატკივრები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გვთავაზობენ, ამ მომენტში, კრიზისის დაძლევის ოპტიმალური საშუალებაა.
„განახლებულ დოკუმენტში გაწერილია აღსრულების ვადები და გზები. ასეთ ვითარებაში ხელისუფლებას არ რჩება მორიგი „ტრიუკის” დადგმისა და გადაბრალების შესაძლებლობა. თუ ხელისუფლება რომელიმე აღებულ ვალდებულებას არ შეასრულებს, ბოიკოტის გაგრძელებასთან და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აღარც შინ იარსებებს და აღარც გარეთ. ეს დოკუმენტი არის შანსი, პასუხი ვაგებინოთ „ქართულ ოცნებას” იმისთვის, რომ დამოუკიდებელ პროკურატურასა და სასამართლოს, თავისუფალ არჩევნებს და დემოკრატიული ქვეყნის სხვა უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს „კომპრომისად” განიხილავს.
ოპოზიციას კი ეკისრება პასუხისმგებლობა, იბრძოლოს ვადამდელი არჩევნებისთვის თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვების გზით და თან დაამტკიცოს, რომ მისთვის ძალაუფლების დანაწილება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალაუფლება. რაც შეეხება „გავრილოვის ღამეს”: ჩვენი მოძრაობის პრინციპული პოზიციაა, რომ ამნისტია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საჯარო მოხელეების მიერ. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალის გამოყენებით დაარბია და დაასახიჩრა დემონსტრანტები და ის, ვინც ამის ბრძანება გასცა“, – ნათქვამია განცხადებაში.