მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოვა.
„მეც, მიხეილ სააკაშვილი ამ რეფერენდუმის წინ წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასად უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის, მე ვიქნები პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების მონაწილე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ამ შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი – შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად დაინიშნა პრაქტიკულად რეფერენდუმი ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე. 43%-იანი ბარიერით, ძველი კომისიის პირობებში, მაგრამ ეს არის უკვე დაშვება რიგგარეშე არჩევნებზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, შემოდგომაზე ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად რეფერენდუმიც უნდა მოიგოს, ამისთვის კი ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენონ.
„ჩვენ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ და მოპარული არჩევნების შდეგად, გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც, ყველა სხვა ბრძოლის ფორმაც დემოკრატიის ფარგლებში, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან მკვეთრი, ძალიან ქმედუნარიანი და მობილიზებულები“, – განაცხადა მან.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებულია, რომ ნიკა მელიამ და გიორგი რურუამ დატოვოს საპატიმრო და შეწყდეს ქვეყანაში პოლიტიკური დევნა.
მისი თქმით, მელიამ საპატიმრო უნდა დატოვოს „ყოველგვარი გაუგებარი გირაოს“ გარეშე, ღირსეულად, „ისე, როგორც მას სურს“.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც მელია ამ პირობებით დატოვებს საპატიმროს, მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას.