„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ხელმოწერას შეთანხმების დოკუმენტზე პარტიაში გამოხმაურება მოჰყვა.
ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ წუხს გრიგოლ ვაშაძის გამო, რადგან სამწუხარო და ტრაგიკულია, როცა იმ პარტიის ახლანდელი თავმჯდომარე, რომლის ლიდერიც ადრე ვაშაძე იყო, მძევლადაა აყვანილი, მელიას დაკავების პროცესში კი, ხაბეიშვილის თქმით, ვაშაძეს ერთხელაც არ გასჩენია სურვილი, სოლიდარული ყოფილიყო მისი თანაგუნდელების მიმართ.
„როგორც პოლიტიკოსი ის, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და როგორც ადამიანი, მოიქცა ისე, რომ არ შეუძლია, ყოფილ თანაგუნდელებს ჩახედოს თვალებში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პარტიაში ასევე გამოეხმაურნენ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებასაც.
„მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. ის არის ამ პარტიის ლიდერი, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს პოზიციას, რომ ნიკა მელია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს და ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ შეიძლება, გაიხსნას სივრცე შემდეგი მოლაპარაკებისათვის ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
გია ბარამიძე, ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნიკა მელიას მოსაზრებები. მისი თქმით, პარტიამ იმის მიხედვით უნდა იმოქმედოს, რას გადაწყვეტს გუნდის უმრავლესობა.
„პირადად მე მაქვს ძალიან სერიოზული რეზერვაციები პარლამენტში იმ პირობებით შესვლასთან დაკავშირებით, რა პირობებიც არის ამ დოკუმენტში მოცემული. ერთადერთი, რაც მამხნევებს, არის ის, რომ ზუსტად ვიცი, ამჯერად მიხეილ სააკაშვილმა დანამდვილებით და დასაბუთებით თქვა, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, თავისი სიცოცხლისა თუ თავისუფლების ფასად, ჩამოვა საქართველოში ადგილობრივი არჩევნების წინ. მიხეილ სააკაშვილმა მოგვიწოდა, განვიხილოთ მისი წინადადება. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება, ამ საკითხს განიხილავს და ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ბარამიძემ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სრულად ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი ნიკა ობოლაძე.
„ყველაფერი არის კარგად. ნიკა უნდა გამოუშვან, გამოუშვებენ. რურუასაც გამოვიხსნით. მიშას ეს განცხადება იყო სწორი, პასუხისმგებლიანი ლიდერის თამამი და უსწორესი სვლა საჭირო დროს. თვითმმართველობის არჩევნებზე უბიძინო და უგახარიო ოცნებას დავასრულებთ. მოგება რომ შეგვიძლია, ვაჩვენეთ, პოლიტპატიმრები გარეთ გამოვლენ, ვადამდელის საკითხი გავიტანეთ. ყოჩაღ მიშას!“, – წერს ის სოციალურ ქსელში.
სააკაშვილის პოზიციას იზიარებს ხატია დეკანოიძეც:
„ნიკა მელიას უპირობო (!!!) გამოსვლის შემდეგ პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას. მანამდე, რაც გუშინ ვთქვი, ჩვენი ნემისმიერი გადაწყვეტილება იქნება მორალური შეცდომა და პოლიტიკური დევნის დაკანონება. მელია უნდა იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისის არჩევნებზე და გავმართოთ მართლაც დიდი რეფერენდუმი ქვეყნისთვის“, – წერს ის.