სახელმწიფო დეპარტამენტი დარჩენილ პარტიებს მოუწოდებს შეთანხმებას ხელი მოაწერონ

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ მიესალმება ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მიღწეულ შეთანხმებას.

„მივესალმებით საქართველოში გუშინ, 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას, რათა დასრულდეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი. ამ შეთანხმებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მიაღწიეს, რომელიც მოითხოვდა რთულ კომპრომისებს ყველა მხარისგან. უფრო მეტიც, იგი მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობას და ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას – მძიმე შრომას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობისათვის. ეს ნიშანია საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული განვითარებისა. შეთანხმების იმპლემენტაცია, რა თქმა უნდა, ამავე მნიშვნელობის იქნება“, – განაცხადა პრაისმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეთანხმების მიღმა დარჩენილ პოლიტიკურ სუბიექტებს მოუწოდა, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რათა ერთად შეძლონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა.

„ჩვენ ასევე ვიწვევთ პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებსა და დარჩენილ პარტიებს, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რათა ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა შეძლოს ერთად მუშაობა საქართველოს წინაშე არსებულ გადაუდებელ საკითხებზე. აშშ მზადაა დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, რომ უზრუნველყოფილი იყოს შეთანხმების მიზნების მიღწევა. როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ოჯახში სრული ინტეგრაციის გზაზე” – აცხადებს ნედ პრაისი.