ლევან იოსელიანი ოპოზიციონერი კოლეგების პარლამენტში შესვლას მიესალმა. მისი თქმით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. „მოქალაქეების“ წევრმა თანამშრომლობის ნიშნად ხელი ჩამოართვა „ლელოს“ ლიდერს – მამუკა ხაზარაძეს.
„ჩემი თხოვნაა ის, რომ დავასრულოთ ის პერიპეტიები, რაც ჩვენ ოპოზიციის შიგნით გვქონდა ერთმანეთის მიმართ, დავასრულოთ ის ზიზღზე აგებული რიტორიკა, რადგან ბევრი მაგალითი მივეცით მოქალაქეებს, როგორ შეიძლება გვძულდეს ერთმანეთ, მაგრამ ძალიან ცოტა მაგალითი მივეცით, როგორ შეიძლება პატივს ვცემდეთ ერთმანეთის აზრს“, – განაცხადა იოსელიანმა.
მან ასევე გაიხსენა პერიოდი, როდესაც „ლელოს“ ოფისში უკანასკნელად იმყოფებოდა და პარტიებს შორის გზები გაიყო.
„დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ დარბაზში ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს და აქ, მარცხენა ფლიგელზე მოგვიწევდა ერთად ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაწყვეტილების მიღება. სწორედ ამიტომ მინდა, რომ დღეს მამუკა ხაზარაძეს მივმართო და გავუწოდო თანამშრომლობის ხელი და გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენი თანამშრომლობა ოპოზიციაში გაგრძელდება ბევრად უფრო წარმატებულად და იქნება ამ ქვეყნისთვის საკეთილდღეო“, – განაცხადა იოსელიანმა.