„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური რევოლუცია, ქვეყანა ჩაფლულია ნეპოტიზმისა და კორუფციის ჭაობში, ბიზნესი კი გარიგებაშია შესული ტენდერების საშუალებით.
„სულ რამდენიმე ფაქტს გეტყვით, ნათელი რომ იყოს, სად ვართ და სად ვიყავით 8 წლის წინათ. 2012 წელს ჩვენი მშპ იყო 16.5 მილიარდი, 2020 წელს ჩვენი მშპ არის 15.9 მილიარდი. პირდაპირი ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმზეა, ლარის კურსი ბოლო 8 წელიწადში 100%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებით, ისტორიულ მაქსიმუმზეა სოცდახმარებები და რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებსაც სახელმწიფო ეხმარება, ისტორიულ მაქსიმუმზეა ქვეყნიდან გასული ადამიანების რაოდენობა, ისტორიულ მაქსიმუმზეა უმუშევრობა. მინდა გითხრათ, რომ ყველა ინდექსში და ერთი ინდექსია საჭირო რომ მივხვდეთ, ბედნიერების ინდექსი არსებობს – თითქმის ბოლო ადგილებზე ვართ.
ამ პერიოდში თქვენ 6 პრემიერი გამოცვალეთ 8 წლის განმავლობაში და არცერთმა პრემიერმა არ გააგრძელა წინა პრემიერის დაწყებული თუნდაც რაღაცა იდეა და პროექტი, იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების პროექტი. ამ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური რევოლუცია. სამწუხაროდ, არჩევნების წინ ასფალტის დაგება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ. იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირი მოქრთამვა ადამიანების, იმ ასფალტსაც ვერ აგებთ წესიერად, ქვეყანა ჩაფლულია ნეპოტიზმისა და კორუფციის ჭაობში. ბიზნესი გარიგებაშია შესული ტენდერების საშუალებით – ასე ვართ დღეს ჩვენ.
ახლა მოვისმინე ახლად გამოყოფილი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები და ისე გსაყვედურობენ თითქოს ერთი თვის წინ თვითონ არ იყვნენ ამ ქვეყნის განმკარგავი. ამ ტყუილს თუ თავი არ დავანებეთ, არაფერი არ გამოგვივა. ეს ქვეყნა ასე ვერ განვითარდება. ეს სადღეგრძელოები, რაც აქ მოვისმინე, დამთავრდება დიდი კრახით“, – განაცხადა ხაზარაძემ.