ნიკას გზავნილია, შევინარჩუნოთ ერთიანობა და დავძლიოთ უთანხმოება | სამადაშვილი მელიას შეხვდა

პუბლიკა

პარლამენტის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი საპატიმროში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა.

საპატიმროს დატოვების შემდეგ სამადაშვილმა მედიას განუცხადა, რომ მელია კმაყოფილია რურუას გათავისუფლებით და მნიშვნელოვნად მიაჩნია, ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა.

დეპუტატის თქმით, მელიასთან განიხილა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საკითხი, როგორ შეიძლება ხელმოწერილი შეთანხმების გამოყენება როგორც ნიკა მელიას გასათავისუფლებლად, ასევე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

„ვისაუბრეთ სხვადასხვა შესაძლო განვითარებაზე მოვლენების და დაველოდოთ. ეს არის თავადაც ნიკას გზავნილი, რომ შევინარჩუნოთ ერთიანობა და ის, რომ მას მიაჩნია, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ უთანხმოება და დავიწყოთ არჩევნებისთვის მზადება“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტების შეკითხვაზე – აქვს თუ არა ნიკა მელიას პოლიტიკური წყენა სამადაშვილის მიმართ – სალომე სამადაშვილი პასუხობს, რომ ნიკა მელიამ ძალიან კარგად იცის, რომ სამადაშვილის გადაწყვეტილების საფუძველი ქვეყნის ინტერესები და საკითხის მისეული შეფასება იყო.

სამადაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ნიკა მელია, გიორგი რურუას მსგავსად, სულ მალე დატოვებს ციხეს.