სოციალური მომსახურების სააგენტომ „დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე“ რამდენიმე თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო. საქმე ეხება თანამშრომლების მიერ Facebook-სა და „მთავარი არხის“ ეთერში გამოთქმულ მოსაზრებებს.
„[წარმოება დაიწყო] სოციალური მომსახურების სააგენტოს Facebook-გვერდზე 8 აპრილს განთავსებულ რადიო „იმედის“ გადაცემა „ეკონომმიქსის“ ვიდეორგოლზე საჯაროდ გამოხატული პოზიციისა (კომენტარები) და სატელევიზიო ეთერში 27 მარტის გადაცემა „მთავარი 12-ზე“ გასულ სიუჟეტში გამოთქმული მოსაზრებების შესწავლის მიზნით“, – აღნიშნავს სააგენტო სოციალურ აგენტ თეა ნარიმანიშვილისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც 23 აპრილით არის დათარიღებული.
კიდევ ერთი სოციალური აგენტისთვის, გიორგი ფურელიანისთვის გაგზავნილი შეტყობინებით ირკვევა, რომ შესწავლის საფუძველი Facebook-ზე „იმედის დილის“ ვიდეოს ქვეშ გაკეთებული კომენტარი და გადაცემის „მთავარი შაბათს“ ეთერში გამოთქმული მოსაზრებები გახდა.
წერილის მიხედვით, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის შესწავლის საგანია ეთიკის ნორმებისა და ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, „რომელიც მიმართულია თანამშრომლისა და სააგენტოს დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ“.
სოციალური აგენტის, თეა ნარიმანიშვილის ინფორმაციით, ასეთი შინაარსის წერილი სააგნეტოს ექვსმა თანამშრომელმა მიიღო, მათი უმეტესობა სოციალური აგენტია.
„ვფიქრობდი, რომ სიტყვის თავისუფლება საქართველოში ყოველ შემთხვევაში კანონით იყო უზრუნველყოფილი და აღმოჩნდა, რომ ასე არ არის“, – ამბობს თეა ნარიმანიშვილი.
მისივე თქმით, საკუთარი მოსაზრებები არა სააგენტოს დისკრედიტაციის, არამედ დასაქმებულთათვის ხელფასების გაზრდის მიზნით გამოთქვა.
„ჩემი კომენტარი ეხებოდა სააგენტოს და დასაქმებულებს. სააგენტო, რომელიც ახორციელებს სიღარიბის დაძლევის პროგრამას და თავის დასაქმებულს უხდის 200 და 300 ლარს. ეს ფრაზა არ მოეწონათ, ალბათ, ძალიან. ეს არ არის სააგენტოს დისკრედიტაციის მიზნით ნათქვამი, ჩემი მიზანი არის დასაქმებულების ხელფასების ზრდა. მე ვმუშაობ ამ სააგენტოში და მინდა, რომ 300 ლარი კი არ მქონდეს ხელფასი, არამედ მინდა, რომ ნორმალური ანაზღაურება იყოს“, – ამბობს სოცაგენტი.
თეა ნარიმანიშვილის თქმით, თანამშრომლები საჯაროდ საუბარს აქამდეც ერიდებოდნენ, მსგავსი შინაარსის დისციპლინური წარმოება კი მათთვის „სამაგალითო სასჯელი“ იქნება და კიდევ უფრო მეტად გაუჭირდებათ პრობლემებზე ღიად საუბარი.
„მათ თავისუფლად შეუძლიათ ხელშეკრულების გაუქმება. ერთ-ერთი სასჯელი შეიძლება ეს იყოს. ნამდვილად არ მენდომება სამსახურის დაკარგვა, მაგრამ აღარ ვიცი, მიღირს კი იმ სამსახურში დარჩენა, სადაც მეუბნებიან, რომ ლაპარაკი არ შეიძლება“, – ამბობს ნარიმანიშვილი.
„სოლიდარობის ქსელის“ იურისტი დავით ომსარაშვილი ამბობს, რომ დასაქმებულთა მიმართ დაწყებული დისციპლიმური წარმოება სამართლებრივად პრობლემურია, რადგან საქართველოში აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცულია როგორც კონსტიტუციითა და სპეციალური კანონით, ასევე საერთაშორისო ნორმატიული აქტებით. იურისტი ამბობს, რომ შესაძლოა, მსგავსი ჩანაწერი მართლაც არსებობდეს სააგენტოს შიდა დოკუმენტებში, თუმცა საგულისხმოა, რამდენად შეესაბამება კანონს აღნიშნული ჩანაწერი.
„ჩვენ 6 ადამიანზე გვაქვს ინფომრაცია, რომ მსგავსი შეტყობინება მიიღეს, ყველა მათგანი არის პროფკავშირის წევრი. ახლა მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ პროფკავშირის წევრთა მიზანმიმართული დაშინება მიდის. მიუხედავად იმისა, დაეკისრება თუ არა დისციპლინური სახდელი ამ ადამიანებს, თვითონ უკვე ეს ფაქტიც, ჩემი შეფასებით არის დაშინების მცდელობა. ეს, რა თქმა უნდა, დაუშვებელია და ჩვენ აუცილებლად მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას და სახალხო დამცველს. თუ საჭირო იქნება და დააკისრეს დისციპლინური სახდელი, სასამართლოშიც გავასაჩივრებთ“, – ამბობს ომსარაშვილი.
იურისტის შეფასებით, სააგენტო ცდილობს თანამშრომლებს ცენზურა დაუწესოს და პრობლემებზე არ ასაუბროს. მისი თქმით, „სოლიდარობის ქსელმა“ შრომის ინსპექციასაც მიმართა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული შრომის პირობები შეესწავლათ. „პუბლიკას“ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში განუცხადეს, რომ ამ საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ის სააგენტო, რომელიც ექვემდებარება შრომის სამინისტროს, რომელიც უნდა იყოს ყველაზე კარგი მაგალითი შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, ჩემი აზრით, არის ყველაზე ცუდი მაგალითი. ეს დისციპლინური სახდელი რომ არ დაეკისროთ ამ ადამიანებს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თუ თავად შრომის სამინისტრო და მასზე დაქვემდებარებული სააგენტოები არ დაიწყებენ შრომით უფლებების დაცვას, ჩვენ სხვას ამას ვერ მოვთხოვთ“, – ამბობს ომსარაშვილი და დასძენს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოსგან ელის საქმის წარმოებების მასალებს, ასევე დაკონკრეტებას, რომელი კანონის, ხელშეკრულების თუ შინაგანაწესის რომელი პუნქტის ან მუხლის დარღვევას ედავებიან დასაქმებულებს.
სოციალური აგენტების უცვლელი პრობლემა
სოციალური აგენტები გასული წლის საპროტესტო ტალღის მიუხედავად, დღემდე დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობენ. მათმა ნაწილმა 25 მარტსაც მიმართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავიანთი პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.
მათი თქმით, გასული წლის პროტესტის შემდეგ 200 ლარამდე გაზრდილი მოჭრილი თანხა და თითო ოჯახის შემოწმებაზე გათვალისწინებული 4,80 ლარი მწირია, ამიტომ გამომუშავებული ერთეულის ღირებულება უნდა გაიზარდოს.
„ოჯახის შემოწმებაში ვხარჯავთ გზის ფულს და ამ გზის ხარჯს არ გვინაზღაურებს სააგენტო. თბილისის აგენტებს გვაქვს 20-თეთრიანი სამგზავროები – ესეც სააგენტოს დამსახურებით უნდა ითქვას, შეღავათიანია, მაგრამ როცა 4.80-ს გიხდის ოჯახის შემოწმებაში და შენ თუნდაც მინიმალური 20 თეთრით მიდიხარ, გრჩება ერთ გზად 4,60; მერე ისევ უკანა გზაზე 20 თეთრი აკლდება და თუ სამჯერ მისვლა დაგჭირდა იმ მისამართზე, რამდენი 20 თეთრი ჩამოგეჭრება? რაღა რჩება? უკუგება არის ძალიან დაბალი და თან ეს 12-წლიანი ინფლაცია და გაცამტვერებული ლარი უკვე ძალიან მოქმედებს“, – ამბობს თეა ნარიმანიშვილი.
მისივე თქმით, რეგიონებში დასაქმებულთა მდგომარეობა უფრო რთულია, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგი ხშირად სოცაგენტის განრიგს არ ემთხვევა, ამიტომ მათ ხშირად მეტი ხარჯის გაღება უწევთ.
„ასევე სპეციალისტებს აქვთ ფიქსირებული ხელზე ასაღები 400 ლარი. მათ მეტის გამომუშავების საშუალება არ აქვთ. საუბარია ოჯახის მარჩენალზე, სპეციალისტზე, რომელიც დასაქმებულია სააგენტოში და ვერ გადის მეორე მესამე სამსახურის შესათავსებლად, ვერც გამოიმუშავებს და 400 ლარად დღევანდელ პირობებში ღირსეულად როგორ იცხოვროს ოჯახმა არ ვიცი. არ ჰქვია მაგას რომ ქვეყანაში სიღარიბეს ებრძვი“, – ამბობს თეა.
„პუბლიკა“ 28 აპრილიდან ცდილობდა პასუხი მიეღო ჯანდაცვის სამინისტროსგან, კონკრეტულად რა განცხადებები მიიჩნია სოციალური მომსახურების სააგენტომ შესაძლო დარღვევად, თანამშრომელთა მხრიდან რომელი ნორმების შესაძლო დარღვევას ეხებოდა საქმე, რამდენ ადამიანზე დაიწყო მოკვლევა და რატომ გადაწყვიტა სააგენტომ, რომ ეს საკითხი შეესწავლა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.