„ჰამასის“ რამდენიმე ლიდერი მოვკალით და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია - ნეთანიაჰუ

პუბლიკა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ღაზის სექტორში ისრაელის ოპერაცია მალე არ დასრულდება. მისი თქმით, ისრაელმა ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ რამდენიმე ლიდერის მოკვლა უკვე მოახერხა, თუმცა „ეს ჯერ კიდევ დასაწყისია“.

„მათ ისეთ დარტყმას მივაყენებთ, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდნენ“, – თქვა ნეთანიაჰუმ ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილების მონახულების შემდეგ.

ისრაელის ავიაცია დღეს ღაზის სექტორს პერიოდულად ბომბავს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ იერიში სამხედრო ობიექტებზე მიაქვთ. ერთ-ერთმა თვითმფრინავმა გაანადგურა პალესტინელ მებრძოლთა ჯგუფი, რომელსაც ანტისატანკო რაკეტები გადაჰქონდა. ცოტა ხნის წინ ისრაელის ავიაციის იერიშის შედეგად ღაზის ცენტრში მრავალსართულიანი შენობაც ჩამოინგრა. პალესტინელები კი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ისრაელის თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვებიც შეეწირნენ.

 

თავის მხრივ, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მიტანილი სარაკეტო იერიშების შედეგად, მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ ისრაელშიც. მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, მსუბუქად დაშავდა საქართველოს ერთი მოქალაქეც.

ისრაელის ქალაქ ლოდში კი, სადაც ეთნიკურად არაბი მოსახლეობაც ცხოვრობს, დღეს 20:00 საათიდან კომენდანტის საათი გამოცხადდა. ლოდში არაბულმა მოსახლეობამ გააპროტესტა ისრაელის დაპირისპირება პალესტინელ მებრძოლებთან, გამოსვლები არეულობაში გადაიზარდა და ხელისუფლებამ ქალაქში კონტროლი გაამკაცრა.

ისრაელში დაპირისპირება ორი დღეა რაც სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. კონფლიქტს წინ უძღოდა იერუსალიმში ალ-აქსის მეჩეთთან ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ მოქალაქეებს შორის პალესტინელთა შესაძლო გამოსახლების გამო დაწყებული რამდენიმედღიანი დაპირისპირება, რის შემდეგაც ათეულობით ადამიანი დააკავეს.

ისრაელის სასამართლომ აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე ათეული პალესტინური ოჯახის გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო, რაც მოქალაქეებმა გააპროტესტეს. პალესტინელთა გამოსვლებს ისრაელის პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.