მნიშვნელოვანია შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება - პრეზიდენტი საარჩევნო რეფორმის შეთანხმებაზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდნეტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩვენო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება. ამის შესახებ მან Facebook გვერდზე დაწერა.

„მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება და ამ შეჯერებული დოკუმენტის უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიაში გაგზავნა! მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება. საარჩევნო რეფორმა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა მან.

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ მედიასთან უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება მიღწეულია და ცესკოს თავმჯდომარეს ეყოლება ორი მოადგილე, მათგან ერთი იქნება ოპოზიციური პარტიების დანიშნული, ხოლო ერთი იქნება პროფესიული ნიშნით დანიშნული.


კანონმდებლები უნდა შეთანხმებულიყვნენ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტზე, რომელსაც, როგორც ცნობილია, კენჭისყრამდე ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან შესაფასებლად.

საარჩევნო რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხია. შესაბამისად, შეთანხმების ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ ცდილობენ, კანონპროექტი შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის მედიაციით შედგენილ დოკუმენტთან და ასევე ის უნდა იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეუთანხმებელი იყო, ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის საკითხი.

შარლ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ ცესკო უნდა დაკომპლექტდეს 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრისგან, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე კი უნდა ყოფილიყო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

„ქართული ოცნების“ წევრებს მიაჩნდათ, რომ მოადგილედ პარტიული პირის დანიშვნა „სისტემაში სამართლებრივად არ ჯდებოდა“, რადგან ის ვერ იქნებოდა ნეიტრალური.