აბიტურიენტის ნაცვლად გამოცდაზე გასვლას სხვა პირი ცდილობდა - NAEC

პუბლიკა

„დაფიქსირდა ერთი ფაქტი, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად გამოცდაზე გასვლას სხვა პირი ცდილობდა, შესაბამისად მან რეგისტრაცია ვერ გაიარა – აბიტურიენტი საგამოცდო პროცესს გამოეთიშა“, – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრი (naec) წერს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. დღეს, 6 ივლისს აბიტურიენტები ინგლისური და რუსული ენების გამოცდას აბარებენ. Naec-ის ცნობით, დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან ადგილზე გამოცხადდა 92%-ზე მეტი აბიტურიენტი და დაიგვიანა ათმა გამოსაცდელმა.

გამოცდების ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო არ გამოცხადდა 30-მდე აბიტურიენტი – ისინი საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან და გამოცდას მოგვიანებით ჩააბარებენ.

მათივე ცნობით, დამატებითი სესია დაინიშნება იმ 80 – მდე აბიტურიენტისთვისაც, რომლებმაც ანალოგიური მიზეზის გამო ვერ შეძლეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გასვლა.