აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორია ისე განვითარდება, რომ არსებული სივრცე არ დაინგრევა - კალაძე

პუბლიკა

„ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა, აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორია კი ისე განვითარდება, რომ არსებული სივრცე არ დაინგრევა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის პროექტის მხოლოდ გეგმარებითი დავალებაა წარმოდგენილი.

„საზოგადოებისთვის ნათელი რომ იყოს, მინდა ხაზი გავუსვა, ჯერ არის გეგმარებითი დავალება წარმოდგენილი. თანმიმდევრულად მივყვებით ყველაფერს. ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის -„ქართუ ფონდის“ გადაწყვეტილებით, „ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა. რაც შეეხება აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორიას, ის განვითარდება ისე, რომ არსებული სივრცე არ დაინგრეს. ახლის და ძველის შერწყმით განხორციელდება პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მოედანს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას ფონდი „ქართუ“ 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენება სურს.

დამკვეთი კომპანია „კოსტავას 69-ია”, რომლის დირექტორი ბიძინა ივანიშვილი ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“.