აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა - რიჟვაძე

პუბლიკა

დღეს აჭარაში კორონავირუსით იმპორტირებული დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. პაციენტთან დაკავშირებით პროტოკოლით გათვალისიწნებული ყველა ღონისძიება გატარებულია, მათ შორის კონტაქტების დადგების მიმართულებითაც. მისივე ინფორმაციით აღნიშნული პირი კარანტინში იყო, ამიტომ ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია.

„დღეს აჭარაში დაგვიდასტურდა იმპორტირებული დაინფიცირების პირველი შემთხვევა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მედიკოსები აკეთებენ ყველაფერს. მდგომარეობა არის სტაბილური, მთლიანად მთავრობა მუშაობს იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით რაც გვაქვს, ასევე მოსახლეობას მინდა ვთხოვო, რომ არ აყვეთ პანიკას, ყველა ქმედითი ღონისძიება გატარებულია , შესაბამისად ჩვენ ამ გამოწვევას მოვერევით. მუშაობს უწყება, განსაკუთრებით სამედიცინო დაწესებულებები და ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გვქონდა (აჭარაში)  და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს არცერთ შემთხვევაში არ დაარღვიოთ წესები და საფრთხე არ შეუქმნან თავიანთ და სხვების  ჯანმრთელობას“,- განუცხადა ჟურნალისტებს რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, პირი, რომელსაც აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა და მას ოჯახის წევრებთან ან სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში ქვეყანაში 33 კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 73  ადამიანი გადის.