„ადამიანებმა სიკვდილს ჩახედეს თვალებში“ – მეშახტეები შახტში ჩასვლაზე უარს ამბობენ

ტყიბულში დაახლოებით 1000-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტში ჩასვლაზე უარს ამბობს.

როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას მეშახტე რუსლან ბუცხრიკიძე ამბობს, მინდელის სახელობის შატხში 2 დღის წინ გაიჭედა ე.წ. კლეტი – ერთგვარი ლიფტი, რითაც მეშახტეები შახტში ჩადიან – და რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი შახტში იყვნენ გაჭედილები, სანამ შესაბამისი სამსახურების დახმარებით არ ამოიყვანეს.

ბუცხრიკიძე ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმების მოგვარებამდე მეშახტეები მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ.

„მიზეზი პროტესტის არის ის, რომ ამ ადამიანებმა სიკვდილს ჩახედეს თვალებში. სამუშაო პროცესი არ განახლებულა. მეშახტეები უარს აცხადებენ სამუშაოზე გასვლაზე, სანამ უსაფრთხოების ნორმები არ იქნება დაცული და სანამ ბოლომდე არ გარემონტდება ისე, რომ მსგავს შემთხვევებს ისევ არ ჰქონდეს ადგილი. ამ პროტესტს უერთდება მეშახტეების 99%. დღეს არც ერთი მეშახტე არ იძლევა თანხმობას შახტში ჩასვლაზე, გარდა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისა, რომლებიც იქ უნდა იყვნენ იმისათვის, რომ არ მოხდეს შახტის ლიკვიდაცია”, – ამბობს ბუცხრიკიძე.

„პუბლიკასთან“ საუბრისას ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფკავშირების თავმჯდომარე გაგა ისაკაძეც ამბობს, რომ შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა და შახტში გაჭედილი იყო 22 მეშახტე.

„22 მეშახტე გადაურჩა უბედურ შემთხვევას. საფრთხე შეექმნა მათ სიცოცხლეს. აქედან გამომდინარე, მეშახტეები უარს აცხადებენ შახტში ჩასვლაზე, ვინაიდან მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

მისი ცნობით, მუშაობის განახლებაზე ისინი უარს ამბობენ, სანამ არ გარემონტრება „კლეტი“, არ ჩამოვა კომისია, არ შეამოწმებს და არ დადებს დასკვნას, რომ ყველაფერი მწყობრშია.

გარდა ამ მოთხოვნისა, ისაკაძე ამბობს იმასაც, რომ მეშახტეები ასევე მოითხოვენ პანდემიის პერიოდში მთავრობის ინიციატივით გამოთავისუფლებული საშემოსავლო გადასახადის მიღებას.

„თითოეულ დასაქმებულს მიაჩნია, რომ ეს ფული მას ეკუთვნის და არა კომპანიას“, – აცხადებს ისაკაძე.

„პუბლიკა” ცდილობს, დაუკავშირეს ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანიის წარმომადგენლებს.