adjaranet.com და imovies.cc ფილმების არალეგალურ განთავსებაზე განცხადებას ავრცელებენ

პუბლიკა

დღეს პრესკონფერენცია გამართა ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ შექმნილმა ასოციაციამ, სადაც განაცხადეს, რომ ცნობილმა ამერიკულმა კინოსტუდიებმა  („დისნეი“, „ნეტფლიქსი“, „პარამაუნტ პიქჩერზი“, „სონი პიქჩერზი“, „უნივერსალ სითი სტუდიოს“ და „ვორნერ ბრაზერს“) შეშფოთება გამოთქვეს ქართულ ვებგვერდებზე არალეგალურად განთავსებული ფილმების გამო. მათივე თქმით, კინოკომპანიების მიერ გამოგზავნილ წერილში აღნიშნული იყო, რომ „აჭარანეთი“ და imovies.ge წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდნენ და ათავსებდნენ სხვადასხვა სახის კონტენტს ვებგვერდზე.

ამ საკითხზე ერთი ქოლგის ქვეშ არსებული „აჭარანეტი“ და imovies.ge იდენტურ განცხადებებს ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი იმ ერთადერთ კომპანიას წარმოადგენენ, „რომელიც ქართულ ინტერნეტსივრცეში ლეგალურად ყიდულობდა და ქმნიდა ქართულ ფილმებს, სერიალებსა და გადაცემებს“.

„მიუხედავად წარმატებული სამუშაო პროცესისა წამყვან კინოსტუდიებთან, პროცესის სწორად წარმართვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი რუსული, პირატული კინოპორტალების დაბლოკვა, რათა ქართულ კომპანიებს, რომლებიც იხდიან გადასახადებს საქართველოს ბიუჯეტში, ჰქონდეთ შესაძლებლობა და მოტივაცია იმისა, რომ შეიძინონ ლეგალური ფილმები და სერიალები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლების უფლებების დაცვა, ამიტომაც აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენს საიტებზე განთავსებული კონტენტის გალეგალურება არ იყოს დაკავშირებული ქართველი მომხმარებლებისთვის დამატებით ხარჯთან“, – წერია განცხადებაში.

კომპანიები აცხადებენ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერით, მუდმივად მუშაობდნენ უცხოურ კომპანიებთან საქართველოში ლეგალური კონტენტის შემოტანასა და გავრცელებაზე.

„ვაწარმოებთ მიმდინარე მოლაპარაკებებს, როგორც მცირე ასევე წამყვან კინოსტუდიებთან, მაგალითად, როგორებიცაა დისნეი, სონი ფიქჩერსი, პარამაუნტი და ა.შ.“, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ისინი ვებგვერდზე არ ათავსებდნენ  სხვა ქართული კომპანიების მიერ ლეგალურად შეძენილ პროდუქციას სწორედ იმიტომ, რომ „ყველა მათგანის უფლება ყოფილიყო სრულიად დაცული, თუმცა, გასაკვირია ის, რომ ამ ხნის მანძილზე იმავე კომპანიები არ დგამდნენ არანაირ ნაბიჯებს რუსული პირატული ვებ-გვერდების წინააღმდეგ“.

კინოსაიტები მიიჩნევენ, რომ ეს არის ქართული კომპანიის მცდელობა, არ დაუშვას ადგილობრივ ბაზარზე ღია და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, „რასაც ისიც ადასტურებს, რომ დღეს გამოქვეყნებული წერილის გავრცელება და მისი არასწორი ინტერპრეტირება მოხდა სწორედ იმ მომენტში, როდესაც ქართული ინტერნეტ საიტები წამყვან უცხოურ სტუდიებთან მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე არიან და სულ მალე ქართულ ინტერნეტსივრცეში შეიძლება გაჩნდეს სრულიად ლეგალური და ყველასთვის ხელმისაწვდომი კინოპროდუქცია“.