აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა საერთაშორისო პასპორტი მიიღო.
ფოტო მისმა ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა.
მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ „სისტემაში მასზე ძებნა გამოცხადებული არ არის“.
„იუსტიციის სერვისის თანამშრომლებმაც თქვეს, რომ პრობლემა ისევ არსებობს“, – წერს სევინჩ სადიგოვა.
ჟურნალისტის ცოლი ასევე ამბობს, რომ მათი შემდგომი მიზანია, აფგანმა აზერბაიჯანი დატოვოს.
„ამას წუხულით ვამბობ იმიტომ, რომ სამშობლოს დატოვება ადამიანს ყველაფრის დაკარგვის შეგრძნებას უტოვებს. მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს“, – წერს სადიგოვა.
2026 წლის 4 აპრილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ღამის 4 საათზე საგანგებოდ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა „სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის საქმეზე“ სამართალდამრღვევად ცნო და მისი აზერბაიჯანში გაძევების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სადიგოვს საქართველოში 3 წლით შემოსვლა აუკრძალა და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ის სამართალდამრღვევად ცნეს შემდეგი პოსტის გამო: „იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან, ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 1 აპრილს აზერბაიჯანში სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერება.
3 აპრილს ქართულმა სასამართლომ გააუქმა მასზე დაკისრებული გირაო და გადაადგილების შეზღუდვა. 4 აპრილს კი აფგან სადიგოვი თბილისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება საქართველოში და აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა.
2024 წლის 9 მაისს აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, 13 მაისს კი აზერბაიჯანულმა მხარემ ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2024 წლის 18 ივლისს აფგან სადიგოვს ოჯახთან ერთად მცდელობა ჰქონდა, რომ გამგზავრებულიყო თურქეთში, რის საშუალებაც მესაზღვრეებმა არ მისცეს და უთხრეს, რომ მეუღლესა და შვილებს შეეძლოთ საზღვრის გადაკვეთა, თუმცა აფგან სადიგოვს მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო.
იმავე წლის 3 აგვისტოს ის საქართველოში დააკავეს. სადიგოვმა 9 თვე გაატარა საემიგრაციო პატიმრობაში. გათავისუფლების შემდეგ მას არ ეძლეოდა საქართველოს დატოვების შესაძლებლობა.