ეკლესიური არ ვარ, აღდგომაზე ვერც მოვიცლი, თორემ წელს შეიძლება წავსულიყავი - იმნაძე

პუბლიკა

„სამწუხაროდ, დიდი ეკლესიურობით არ გამოვირჩევი, რომ გითხრათ, ბოლოს როდის ვარ ნამყოფი, ნამდვილად დამავიწყდა“, – თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ის, ძირითადად, ტელევიზით ადევნებს ხოლმე თვალყურს ლიტურგიას და წელსაც იმავეს გეგმავს. „მით უმეტეს, ამ პირობებში მე ნამდვილად ვერ მოვიცლი ამისთვის, თორემ  წელს შეიძლება, წავსულიყავი“, – დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ პაატა იმნაძე ხშირად მოუწოდებს მოქალაქეებს სოციალური დისტანცირებისკენ – „ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც არის ადამიანების თავშეყრა, შეიძლება, მოხდეს ინფექციის გადაცემა. მათ შორის ეკლესიაში, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციები ყველას ეხება მოწმუნეებს, ათეისტებს თუ ანტიეკლესიურებს. ჩვენი მოწოდებაა, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ნებისმიერი სახის კონტაქტისგან. სოციალური დისტანცია არის ერთადერთი გზა, ინფექციის მატება იყოს კონტროლირებადი. ამისთვის საჭიროა, ყველა ჩვენგანმა დავიცვათ სოციალური დისტანცია, მათ შორის, ოჯახის წევრებთან“ – თქვა მან რამდენიმე დღის წინ.

სააღდგომო წირვაზე დასწრებას არც მინისტრების ნაწილი გეგმავს: ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ თქვეს, რომ აღდგომას ამჯერად ეკლესიებში არ შეხვდებიან.

ისინი ამბობენ, რომ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდაციების შესაბამისად, არ გეგმავენ სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას. ისინი ამბობენ, რომ ლიტურგიას ოჯახთან ერთად თვალს ტელევიზიით მიადევნებენ.

დღის წესრიგში აქტიურად დგას საკითხი – შეასრულებს თუ არა საპატრიარქო საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს, 3 პირის შეკრებისა თუ კომენდანტის საათის თაობაზე. როგორც აქამდეა ცნობილი, ისინი ამ მოთხოვნების შესრულებას არ აპირებენ.