ახლად აღმოჩენილი მონეტა ხუთჯვრიან დროშას აღმაშენებელთან აკავშირებს - ჰერალდიკის საბჭო

პუბლიკა

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებით, დავით აღმაშენებლის დროს მოჭრილ მონეტას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიების შედეგად ამოიღო, მნიშვნელოვანი ღირებულება აღმოაჩნდა საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიული დასაბუთებისთვის, რადგან მასზე დატანილია ხუთჯვრიანი დროშა.

„საქართველოს დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია ამ დრომდე დაფიქსირებული იყო მხოლოდ ევროპულ საზღვაო რუკებზე (XIV-XVI სს.), თბილისისა და სებასტოპოლის (დღევანდელი სოხუმის) ადგილას, ხოლო ნუმიზმატიკურად მოგვეპოვებოდა თამარ-დავითის მონეტაზე (XIII ს.).

აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა საქართველოს სახელმწიფო დროშის უტყუარად დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.), რადგან მონეტის უკანა პირზე (რევერსზე) დატანილია დაქარაგმებული ხუთჯვრიანი კომპოზიცია.

ასეთი კომპოზიცია არ გააჩნია მსოფლიოსთვის დღემდე ცნობილ დავით აღმაშენებლის ორიდან არცერთ მონეტას, რომელიც დაცულია საქართველოს სახელმწიფო და ბრიტანეთის მუზეუმებში.

ახლად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტი კულტურული მემკვიდრეობის ფასდაუდებელი ძეგლია და უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოს – საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიული დასაბუთებისათვის“, – აცხადებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო.

ახალი მონეტა სუს-მა მოიპოვა. უწყების ცნობით, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამოღებულ იქნა, ისტორიული არტეფაქტი – საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტა.

უწყებაში ამბობენ, რომ ამ გამოძიების ფარგლებში, ასევე ამოღებულია, ისტორიული, კულტურული და მეცნიერული ღირებულების მქონე სხვადასხვა არტეფაქტი, რომელთა საბაზრო ღირებულების დადგენა შეუძლებელია.