ამ ეტაპზე დამუშავებულია ოქმების 52% | ცესკოში დღის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა

პუბლიკა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ უკვე დამუშავებულია ოქმების 52%.

„ამ ეტაპზე, წინასწარი შედეგებით, ოპერატორებმა დაამუშავეს შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 52%,  1043 საარჩევნო უბნის მიხედვით, და ამ წუთებში results.cec.gov.ge-ზე მიმდინარეობს წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პროცესი.

შედეგები ამ მომენტიდან მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად განახლდება ცესკოს ვებგვერდზე და მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა უბნის შედეგი დაითვლება, 17-ივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, წარმოგიდგენთ ინფორმაციას წინასწარი შედეგების თაობაზე“, – განაცხადა საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში 20 საათის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 26.29 %-ია. საარჩევნო უბნებზე, ქვეყნის მასშტაბით, 562 664 ამომრჩეველი მივიდა.


საქართველოში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა – 17 მაჟორიტარულ ოლქში. არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად,  მეორე ტურის საარჩევნო ბიულეტენში მითითებული იყო 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორ-ორი კანდიდატი.

ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ პირველი ტურის შედეგებს და არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ. ხელახალი არჩევნები და ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა – ამ მოთხოვნით, 31 ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე ოპოზიციის ორგანიზებით არაერთი აქცია გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.  „ქართული ოცნება“ ხელახალ არჩევნებზე უარს აბობს და ოპოზიციას მოუწოდებს, აღიაროს არჩევნების შედეგები.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით. ოპოზიცია ამბობს, რომ მოთხოვნები უცვლელია და პარლამენტში შესვლას არ გეგმავენ. ფასილიტატორების მონაწილეობით შეხვედრების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება მესამე რაუნდი. ფასილიტატორი ელჩები ორივე მხარეს კომპრომისის მოძებნისკენ მოუწოდებენ.