ამ ეტაპზე მტკიცდება თვითმკვლელობის ფაქტი - შსს კესო დეკანოსიძის საქმეზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კესო დეკანოსიძის საქმეზე ვიდეომასალას ავრცელებს.

უწყების განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა ათეულობით საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა არაერთი მოწმე, დამუშავდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები, რომლებიც კესო დეკანოსიძის ბათუმში ჩასვლისა და ზღვის სანაპიროს მიმართულებით გადაადგილების ტრაექტორიას ასახავს. ამ მტკიცებულებების ერთობლიობით კი ამ ეტაპზე, დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.

„მიმდინარე წლის 29 აგვისტოს კესო დეკანოსიძემ იმგზავრა თბილისი-ბათუმის მატარებლით. ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით ირკვევა, რომ კესო დეკანოსიძე ბათუმის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიაზე 29 აგვისტოს 20:57 საათზე ტოვებს მატარებლის ვაგონს, 21:00 საათზე გამოდის შენობიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მარტო მიემართება ბათუმის ცენტრის მიმართულებით.

კესო დეკანოსიძე 21:34 საათზე, ბათუმში საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებაზე ჩამოდის საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, რის შემდეგაც ჯერ იაკობ გოგებაშვილის ქუჩის, ხოლო შემდგომ ეგნატე ნინოშვილის ქუჩის გავლით მიემართება ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, რის შემდგომაც ასევე მარტო განაგრძობს მოძრაობას ზღვის სანაპიროს მიმართულებით, ე.წ პიერ ბათუმის ხიდის მიმდებარედ.

ზღვის სანაპიროზე გადასვლამდე, ბულვარის სასეირნო ზოლში განთავსებულ ჯიხურში მან შეიძინა სანთებელა.

თვითმხილველების ჩვენებებით დგინდება, რომ კესო დეკანოსიძემ აღნიშნული ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის ნაპირთან მისვლისას დაანთო საეკლესიო სანთელი, პირადი ნივთები და ტანსაცმელი დატოვა სანაპიროზე, რის შემდეგაც ზღვაში შეცურა, თუმცა მას შემდეგ რაც ის უკან აღარ დაბრუნდა, თვითმხილველებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს -112-ს აცნობეს“, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, მაშველებმა მყისიერად დაიწყეს ძებნა, კესო დეკანოსიძის ცხედარი 31 აგვისტოს ქობულეთის ტერიტორიაზე, ზღვაში იპოვეს.

„გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის რაიმე კვალი არ აღენიშნებოდა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით“, – აცხადებს შსს.