ამ ეტაპზე ზუსტად ვერავინ იტყვის მომდევნო ათ დღეში რამდენი შემთხვევა იქნება - საერთაშორისო ფონდი „კურაციო“

პუბლიკა

საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მკვლევართა გუნდი აქვეყნებს დოკუმენტს, სადაც 12 აპრილის მდგომარეობით საქართველოში COVID-19-ის ეპიდემიის მიმდინარეობის ტენდენციებია გაანალიზებული.

დოკუმენტის პირველი ნაწილი საქართველოში ეპიდემიის გავრცელების მასშტაბებზეა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ქვეყანაში დღიურად გამოვლენილი შემთხვევების მატების ტენდენცია გამოიკვეთა, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევები ჯერჯერობით ექსპონენციალურად არ იზრდება.

„შემთხვევების ზრდა წრფივი – ნელი ტენდენციით ხასიათდება, რაც საქართველოს ბევრი ევროპული თუ მეზობელი ქვეყნისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს. COVID-19-ის პირველი 100 შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა დღეში 7.5%-ით იზრდება, მაშინ, როდესაც ევროპულ ქვეყანებში 20-35%-იანი დღიური ზრდა, ანუ ექსპონენციური ზრდა აღინიშნებოდა“, – ნათქვამია კურაციოს მომზადებულ დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტში საუბარია ინფიცირებულთა სავარაუდო რაოდენობაზე და გავრცელების შესაძლო მასშტაბებზე, რომლის მიხედვითაც,  თუ საქართველოში შემთხვევათა ზრდა  ასეთივე ტემპით გაგრძელდა, მაშინ, სავარაუდოდ, მომდევნო 10 დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 500-ის ფარგლებში იქნება. ფონდი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ვერავინ იტყვის მომდევნო ათ დღეში რამდენი შემთხვევა იქნება ზუსტად, თუმცა სავარაუდო რაოდენობაზე საუბარი აუცილებელია.

„თუ საქართველოში შემთხვევათა ზრდა  ასეთივე ტემპით გაგრძელდა, მაშინ სავარაუდოდ მომდევნო 10 დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 500-ის ფარგლებში იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ იმ დაშვებით, რომ დღეისთვის სახელმწიფომ აბსოლუტურად ყველა დაინფიცირებული პირი გამოავლინა; რაც ალბათ მცდარი დაშვებაა იმის გათვალისწინებთ, რომ აგრესიული/გაფართოებული ტესტირება მხოლოდ ამ დღეებში იწყება. შესაბამისად,თუ ვივარაუდებთ, რომ დღეს დაინფიცირებულთა მხოლოდ 50-60% არის გამოვლენილი, მაშინ მომავალ ათ დღეში შეიძლება 850-1400 ახალ პაციენტს ველოდოთ, რომელთაგან ალბათ გარკვეულ ნაწილს  დაავადება ლაბორატორიულად დაუდასტურდება,  ნაწილი სიმპტომებით სახლში დარჩება, ნაწილი კი საერთოდ უსიმპტომოდ გადაიტანს ვირუსულ ინფექციას. ფაქტია,  რომ ამ ეტაპზე ზუსტად ვერავინ იტყვის მომდევნო ათ დღეში რამდენი შემთხვევა იქნება, თუმცა სავარაუდო რაოდენობაზე მსჯელობა შესაძლებელია და აუცილებელიც. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში საჭირო იქნება, რომ პაციენტების ნაწილს, რომელთაც მსუბუქი ფორმით გამოუვლინდება დაავადება, ბინაზე მოვუაროთ ოჯახის ექიმების დახმარებით და ეს პრაქტიკა რაც მალე დაინერგება მით უკეთესი იქნება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ორგანიზაცია 12 აპრილის მიმოხილვაში სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტურობაზეც საუბრობს.

მიმოხილვის ავტორები კარანტინში მოქალაქეთა გადაყვანის ღონისძიების ეფექტურობას აფასებენ. კურაციო წერს, რომ დაახლოებით 9000-მდე ადამიანი გადაიყვანეს კარანტინში, თუმცა ცნობილი არაა მათგან რამდენს აღმოაჩნდა COVID 19. ორგანიზაციის შეფასებით ამ ღონისძიებამ საზოგადოება იმპორტირებული შემთხვევებისგან მეტ-ნაკლებად დაიცვა, აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ეროვნულ სტატისტიკაში კარანტინში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ზუსტად იყოს ასახული.

ეს საშუალებას მოგვცემს, ვიმსჯელოთ კარანტინის სამომავლო აუცილებლობაზე, ამ ინტერვენციის შედეგად მიღებულ შედეგზე და მის ხანგრძლივობაზე. დრო დადგება და ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, როდემდე იყოს საზღვრები ჩაკეტილი, რომელსაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი სდევს თან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ორგანიზაციის შეფასებით, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია გამოვლენილი პაციენტების კონტაქტების იდენტიფიცირება და მათი იზოლაცია, რაც დაახლოებით 1,300-1,400 ადამიანს შეეხო და რომელთა კარანტინში გადაყვანა მოხერხდა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არც ამ შემთხვევაში ვიცით ზუსტად დადგენილი კონტაქტების რა ნაწილში მოხდა ინფექციის გადადება და შემდგომ შემთხვევის დადასტურება.

„არადა, ეს ინფორმაცია უმნიშვნელოვანესია შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. ვთვლით, რომ ამ ინფორმაციის საჯარო სივრცეში განთავსება ყველას დაგვეხმარება, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ეპიდემიის გავრცელების ანალიზში, რაც შემდგომ ნაბიჯებზე მსჯელობისთვის აუცილებელი იქნება. თუ ინფიცირებულთა 50-70%-ის გამოსავლენად კონტაქტების დროული გამოვლენა და მათი დროული იზოლაცია ერთ-ერთი ყველაზე მეტად ეფექტური მეთოდია, იქნებ ჯობდეს, რომ სწორედ აქეთ მივმართოთ ჩვენი ენერგიის მაქსიმუმი და ამ გზით შევაჩეროთ ეპიდემიის გავრცელება, როგორც ამას სამხრეთ კორეა დღემდე ახერხებს“, – ნათქვამია მომზადებულ დოკუმენტში.

დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.