ამ კანონპროექტს ჰქვია „შიში“, გეშინიათ, რომ ეს საპოლიციო სისტემა ჩამოგეშლებათ - ნაცვლიშვილი სანქციების გამკაცრებაზე

პუბლიკა

პარლამენტის წევრი, პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების II მოსმენით განხილვას დაესწრო.

ნაცვლიშვილის თქმით, საკითხის სამართლებრივი მუხლებით განხილვას არ აპირებს, რადგან ეს არის პოლიტიკური თემა.

„ეს არის 1984 წლის კანონი. სირცხვილია, მათ შორის, ყველა მოწვევის პარლამენტის, რომ დემოკრატიულ საქართველოში საბჭოთა კანონი არსებობს და ალბათ საბჭოთა მენტალობაზე მიუთითებს, რომ დღემდე 1984 წლის კანონით ხდება მოქალაქეებთან ანგარიშსწორება.

ამ კანონპროექტს არ ჰქვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები. ამ კანონპროექტს ჰქვია „ქართულ ოცნებას” ეშინია“ კანონი. რისი გეშინიათ, აგიხსნით:

ერთი, გეშინიათ ხალხის პროტესტის, რომელიც მხოლოდ მოიმატებს და გაზრდილი სანქციები ვერ შეაშინებს მოქალაქეებს და მეორე – გეშინიათ, რომ პოლიციელები ჩამოგეშლებიან, იმიტომ, რომ იმ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ უკანონო და უღირს ბრძანებებს აძლევთ და, სამწუხაროდ, ბევრი მას ასრულებს, მათ ჰყავთ ოჯახები და აქვთ ღირსება. არავის უნდა თქვენ გამო ესროდნენ ტალახს და ეძახდნენ მონას და გეშინიათ, რომ ეს საპოლიციო სისტემა ჩამოგეშლებათ და ამიტომ იღებთ ამ კანონს, „შიში“ ჰქვია ამას“, – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან „ქართულ ოცნებას“.

„ლელოს“ წარმომადგენელმა კანონპროექტის სამართლებრივ მხარეზეც ისაუბრა.

„კონსტიტუციაში გვიწერია, ვისაც ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ, 34-ე მუხლი წაიკითხოთ: „ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც ის ემსახურება“.

რა ლეგიტიმური მიზანი გაქვთ? სტატისტიკის შემცირებას ცდილობთ? განმარტებით ბარათში მხოლოდ ეს წერია, ბოლო წლებში მოიმატა ამ სამართალდარღვევებმაო და თქვენ რომ სამართალდარღვევას ეძახით, რეალურად, ეს არის სიტყვის და გამოხატვის და შეკრების თავისუფლებები.

აქ გაიჟღერა – ევროპის ქვეყნებში როგორ ხდებაო. ევროპის ქვეყნებში სხვანაირი სასამართლოა. 48 საათზე მითითებას რაც შეეხება, არაუმეტეს 48 საათისაო და არა აუცილებლად 48 საათიო და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, ხომ არ დაინტერესდებოდით, კომიტეტეზე რომ განიხილავდით ამ საკითხს, სასამართლო პრაქტიკა ამოგეღოთ, რა ხდება.

სასამართლოები უსჯიან ამ ადამიანებს ჯარიმებს და ზოგჯერ ციხეს, იმისთვის, რასაც ეს დოკუმენტი [კონსტიტუცია აჩვენა სხდომათა დარბაზს] სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას არქმევს და ეს დოკუმენტი უზენაესია.

მოგეწონათ ის პროტესტი, რითაც შემოხვედით პარლამენტშიო? [საუბარია აქტივისტების პროტესტზე, რითაც ისინი პარლამენტში შესულ ოპოზიციას დახვდნენ] კი, ძალიან მომეწონა, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ყველას, ვისი მომხრეც უნდა იყოს ის, ეს დოკუმენტი [კონსტიტუცია] იცავს თანასწორად და მე, როგორც საჯარო პირს და პოლიტიკოსს, მაქვს თმენის ვალდებულება.

თუ ეს არ გაქვთ გააზრებული, ძალიან ცუდია. მოგიწევთ, მოითმინოთ, როდესაც დაგიძახებენ მონას, მოგწონთ ეს თუ არა, ვეთანხმებით ამ გამოთქმას თუ არა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, დაჩქარებული წესით განხილვის ლეგიტიმურ მიზანს ვერ ხედავს, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც, მისი თქმით, არავისთვის უკითხავთ აზრი (ვენეციის კომისიისთვის და ეუთოსთვის).

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებაა, გაათანაბროს და გააუმჯობესოს ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა.

„კონსტიტუციას, ისევე როგორც ნებისმიერ კანონს, აქვს ტექსტი და აქვს სულისკვეთება. კონსტიტუციის მთავარი დანიშნულება არის თავისუფლების დაცვა, კანონის მთავარი დანიშნულებაც ეს არის. და თქვენ გაქვთ თმენის ვალდებულება და პოლიციის კორდონით და მეტი თუ არაფერი გაქვთ დამცავი მოქალაქეთა პროტესტის წინააღმდეგ, უნდა ჩაიხედოთ საკუთარ თავში და მიხვდეთ, რომ თქვენი პრობლემაა, როცა პროტესტი იმატებს ბოლო 3 წლის განმავლობაში და გარანტიას მოგცემთ, ეს პროტესტი მოიმატებს, არა იმიტომ, რომ მოქალაქეებს უხარიათ ქუჩაში ან კარავში ყოფნა, მათ აქვთ უფლება, მოითხოვონ მიტაცებული სახელმწიფოს დაბრუნება, მოითხოვონ სამართლიანი სასამართლო, ღირსეული პოლიცია, დასაქმება, მეტი ინვესტიცია. და მათ აქვთ უფლება, მოითხოვონ პური, რომელსაც არ აძლევთ და ამიტომ გჭირდებათ ყოველ დღე ახალი სანახაობის დადგმა“, – განაცხადა მან.

პარლამენტში II მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლში ცვლილებებს ითვალისწინებს.

ცვლილება ეხება 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებს.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციებზე მოქალაქეებს ხშირად სწორედ ამ მუხლებით აკავებენ.