ამ შეთანხმების შესრულება, რა თქმა უნდა, მოხსნის პოლიტიკურ ბოიკოტს – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეთანხმების პირობებს სრულად შეასრულებს, ოპოზიცია ბოიკოტს აღარ მიმართავს.

„ჩვენ გვაინტერესებს შედეგი და შედეგი არის ვითარების განმუხტვა. განმუხტვას სჭირდება ამ პირების გათავისუფლება. ეს პირები ვინ არიან, ყველამ იცის: გიორგი რურუა, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და ბატონი ბესო თამლიანი. ამ შეთანხმების შესრულება, რა თქმა უნდა, მოხსნის პოლიტიკურ ბოიკოტს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ბოიკოტის რეჟიმში არიან.

დღეს მედიასთან საუბრის დროს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში დარჩენის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა:

„გამოვიდნენ, რაღაც იზეიმეს, ხალხს თავი მოაჩვენეს, რომ ძალიან გახარებული იყვნენ და დღეს საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებენ, რაც ყველაფერზე მეტყველებს”, – განაცხადა მდინარაძემ.


ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.