ამერიკელი ხალხისთვის კორონავირუსის რისკი დაბალია – დონალდ ტრამპი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკვე გატარებული ზომების გამო, ამერიკელების კორონავირუსით დაავადების რისკი დაბალია.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, ტრამპმა აღნიშნა, რომ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით 15 ადამიანია ინფიცირებული და თითქმის ყველა გამოჯანმრთელების სტადიაზეა. რაც შეეხება საკრუიზო ხომალდიდან ევაკუირებულ ინფიცირებულებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

პრეზიდენტის თქმით, აშშ სრულ მზადყოფნაშია და ყველა აუცილებელ ზომას მიმართავს დაავადების გავრცელების შემთხვევაშიც. ამასთანავე, ტრამპს არ გამოურიცხავს სატრანსპორტო მიმოსვლის შეწყვეტა სამხრეთ კორეასა და იტალიასთან.

აშშ-ის პრეზიდენტმა კორონავირუსთან ბრძოლის კოორდინირება ეროვნულ დონეზე, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს დაავალა.

დონალდ ტრამპმა ასევე, თქვა, რომ ამერიკა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესშია. ვაქცინაზე ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna მუშაობს.