ანა დოლიძე საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესს ბოიკოტს უცხადებს

პუბლიკა

„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადა და საჩივრები, რომლის განხილვაც დღეს უნდა მომხდარიყო, პროტესტის ნიშნად საოლქო კომისიის შენობის წინ დაყარა. ანა დოლიძის განცხადებას პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ გუშინ გასაჩივრებული გქონდა 11 საჩივარი, დღეს დაგვრჩა 30-ზე მეტი საჩივარი, თუმცა კომისიამ 11 საჩივრიდან, სადაც ზუსტად ვიცით, რომ გაყალბებულია ჩვენი ხმები, არც ერთი არ დააკმაყოფილა.

ჩვენ ვითხოვდით ოქმების გადათვლას და გაბათილებას, რისიც კომისიის თავმჯდომარეს და მის შემადგენლობას სიკვდილივით ეშინია. მათ არ სურთ, ხალხმა დაინახონ სიმართლე, ის თუ რა სიბინძურეა შეყრილი „ხალიჩის ქვეშ“.

ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ ყველაზე სერიოზული პასუხი, რომელსაც საოლქო კომისია იმსახურებს, არის ბოიკოტი და ამ თაღლითური დაჯგუფების საკუთარ თავთან დატოვება. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პროცესები იქნება საჯარო. იმიტომ კი არა, რომ გვჯერა დღევანდელი სასამართლოსი, იმისთვის რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რა დამპალი ხის ფუღუროა საარჩევნო კომისია, დაწყებული კენწეროდან, დამთავრებული მისი ფესვებით“, – განაცხადა დოლიძემ.