კუპრაშვილის განცხადებით, დეკლარაციებზე წვდომა ტექნიკური ხარვეზის გამოა შეღუდული

პუბლიკა

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა ტექნიკური ხარვეზის გამოა შეზღუდული.

2024 წლის დეკემბრიდან თანამდებობის პირთა დეკლარაციების პორტალს ავტორიზაციის ფუნქცია დაემატა, თუმცა ავტორიზაცია ახალი მომხმარებლების რეგისტრაციის შესაძლებლობას არ იძლევა. დაინტერესებულ პირებს პორტალზე განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომა აღარ აქვთ.

„ნოდარ მელაძის შაბათთან“ ინტერვიუში რაჟდენ კუპრაშვილი ამობს:

„არ არის ეს ჩაკეტილი, ესაა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოსწორდება.

[…] დეკლარაციები არის ხელმისაწვდომი, კანონით არის ეს განსაზღვრული. საიტზე განთავსებულ ინფორმაციას თუ რაიმე ხარვეზი აქვს, გამოსწორდება.

[…] ანტიკორუფციული ბიუროს საიტი დროებით არის… ვიცი ძალიან კარგად, რომ დაბრკოლებაა. [აღდგება] რამდენი ხანიც დასჭირდება გამოკეთებას.

[…] მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, აღდგება, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს საიტი ფუნქციონირებას“, – აცხადებს ის.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) განცხადებით, 2010 წლის შემდგომ პირველადაა, რომ საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე წვდომა არ აქვს.

IDFI-ის 17 დეკემბერს ბიურომ აცნობა, რომ „ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შინაარსის საჯაროობას“ და რომ „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით ცვლილება არ განხორციელებულა. წერილს ხელს ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ აზალაძე აწერს.

იგივე პასუხი დაუბრუნა თინათინ აზალაძემ 22 იანვარს „რადიო თავისუფლებას“, რომლის ჟურნალისტმაც უწყებას შეკითხვებთან ერთად მოსთხოვა დეკლარაცების მიწოდება. ბიურომ მედიას დეკლარაციები არ მიაწოდა.