აპლიკაციით შეგვიძლია სოციალური დისტანცირებისა და პრევენციის გაზრდა 40%-მდე - ტიკარაძე

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმ მობილური აპლიკაციის შესახებ ისაუბრა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების გადაადგილებას გააკონტროლებს.

მისი თქმით, აპლიკაცია რამდენიმე ქვეყანაში დაიტესტა, და განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდა სამხრეთ კორეისთვის. ტიკარაძის თქმით, აპლიკაციამ საშუალება მისცა კორეელებს, თავი აერიდებინათ სარისკო პირებისთვის და დროულად მიემართათ სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რადგან აპლიკაციის ბაზაში ყველა კონტაქტი შეყვანილი იყო და მათ ახლო რადიუსზე ყოფნას დაუყოვნებლივ აფიქსირებდა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც კოვიდთან ბრძოლას აპლიკაციით გააგრძელებს.

„აპლიკაციაში ჩართვა და მისი გადმოტვირთვა იქნება ნებაყოფლობით, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც კოვიდთან ბრძოლა დამოკიდებულია ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობაზე და ეს პასუხისმგებლობა ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ძალიან მაღალი, რადგან პასუხს ვაგებთ, როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე ჩვენს მშობლებსა და შვილებზე, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ნებაყოფლობით ჩაერთვება ამ აპლიკაციაში”, – განაცადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, მთავრობამ ჩაატარა კვლევა იმის გამოსარკვევად, მოსახლეობის რა ნაწილს შეუძლია აპლიკაციის დაყენება.

ჩვენ შეგვიძლია სოციალური დისტანცირებისა და პრევენციის გაზრდა 40%-მდე. ეს იქნება ეფექტიანი შედეგის მომცემი”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.