არ დაუშვათ პროტესტის მონაწილე მეშახტეთა მიმართ სადამსჯელო ზომების გატარება - EMC „საქნახშირს“

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება ტყიბულში, „საქნახშირის“ 15-მდე მეშახტის პროტესტს და განცხადებას ავრცელებს. განცხადებას „პუბლიკა“ სრულად გთავაზობთ:

„EMC თვლის, რომ „საქნახშირში“ მოქმედი ანაზღაურების სისტემა რომელიც გამომუშავებასა და თვიური გეგმის შესრულებაზეა მიბმული, უსამართლოა და დამატებით აჩენს დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების მნიშვნელოვან რისკებს. მივიჩნევთ რომ “საქნახშირმა” დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს პროტესტის მონაწილე მეშახტეების მიერ გაჟღერებული მნიშვნელოვანი მოთხოვნები და მეშახტეთა ჩართულობით უზრუნველყოს ანაზღაურების ღირსეული სისტემის დანერგვა.

„საქნახშირში“ მოქმედი შრომითი ხელშეკრულებების მიხედვით, მეშახტეთა ნაწილის ანაზღაურება დიდწილად მოპოვებული ნახშირის რაოდენობაზეა დამოკიდებული. მეშახტეებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყოველთვიურ გეგმას კომპანიასთან შეთანხმებით უბნის უფროსი ადგენს. გეგმის 90%-ზე ნაკლების შესრულების შემთხვევაში უბანზე დასაქმებული მეშახტეების დღიური ანაზღაურება საბაზისო 48 ლარს უტოლდება.

გეგმის შესრულების, ან მისი გადაჭარბების შემთხვევაში კი 90-110 ლარს აღწევს. ამ სისტემის შედეგად, მეშახტეების მიერ განსაზღვრულ ცვლაში სრული დატვირთვით შრომა შესაძლებელია სრულიად განსხვავებული ტარიფით ანაზღაურდეს, რამდენადაც ის ებმის არა დასაქმებულთა შრომის საათობრივ მოცულობას არამედ კომპანიის მიერ წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესრულებას.

კომპანია აცხადებს, რომ “IV უბანმა მოიპოვა 4660 ტონა, გეგმა შესრულდა მხოლოდ 77.7 %-ით. ანაზღაურებამ დღეზე 48.00₾ შეადგინა.” თუმცა მეშახტეები ამბობენ, რომ იანვრის გამომუშავების გეგმა არარეალისტური იყო და მისი შესრულების შეუძლებლობა ცხადი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გახდა. პროტესტის მონაწილე დასაქმებულთა თქმით შახტში გეგმის შესრულებისთვის აუცილებელი პირობები არ არსებობდა.

ანაზღაურების სისტემა, რომელშიც გამომუშავება მეშახტეთა ხელფასის ნახევარზე მეტს განსაზღვრავს, არასამართლიანი და საფრთხისშემცვლელი პრაქტიკაა. გეგმის შესრულება ხშირად არა მეშახტეებზე, არამედ სამუშაო პირობებზე, გეგმის რეალისტურობასა და მეშახტეთა სათანადო აღჭურვასა და მომზადებაზეა დამოკიდებული, რაც დამსაქმებლის პასუხისმგებლობაა. მეშახტეთა ხელფასის მათგან დამოუკიდებელ ფაქტორებთან დაკავშირება ანაზღაურებით მანიპულირების საშუალებაა, ამ გზით შემცირებული ანაზღაურება კი მოპარული ხელფასის ფორმაა.

ამასთან, ანაზღაურების მოპოვებული ნახშირის რაოდენობასთან დაკავშირება ქმნის რისკს, რომ შახტში მოპოვების პროცესი არა მაქსიმალური უსაფრთხოების, არამედ მოცულობის გაზრდის პრიორიტეტის მიხედვით დაიგეგმება. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, რომ “საქნახშირის” შახტების ამორტიზებული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა დასტურდება არაერთი კვლევითა თუ ანგარიშით.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ „საქნახშირის” ადმინისტრაციას:

  • არ დაუშვას პროტესტის მონაწილე მეშახტეთა წინააღმდეგ დისციპლინარული ან სადამსჯელო ზომების გატარება და, პროტესტის ამ ფორმის გახანგრძლივების შემთხვევაში, არ შეზღუდოს მათი საჭირო რესურსით მომარაგება.
  • დასაქმებულთა მონაწილეობით გადახედოს კომპანიაში მოქმედ ანაზღაურების სისტემას და დანერგოს ღირსეული და სამართლიანი ყოველთვიური ანაზღაურება ყველა დასაქმებულისთვის.

ამასთან, მოვუწოდებთ შრომის ინსპექციას:

  • 2021 წლის პირველი იანვრიდან გაფართოებული მანდატის ფარგლებში მიღებული უფლებამოსილების გამოყენებით შეამოწმოს “საქნახშირში” მოქმედი ანაზღაურების სისტემა და შეაფასოს მისი გავლენა კომპანიაში დასაქმებულთა შრომით პირობებზე“, – აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში.

გუშინდელი დღიდან ტყიბულში მდებარე ძიძიგურის სახელობის შახტს 15-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად არ ტოვებს. როგორც ადგილობრივი მეშახტე რუსლან ბუცხრიკიძე „პუბლიკასთან“ ამბობს, კომპანიამ მათ ხელფასები გაუნახევრა.

„ხელფასები კომპანიამ გაუნახევრა და აძლევს 50%-ს გეგმის შეუსრულებლობის გამო. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ თუ გეგმის 90% შესრულებული არ იქნებოდა, ამ შემთხვევაში მეშახტეები ფიქსირებულად ხელფასის სახით დღიურად მიიღებდნენ 45 ლარს“, – ამბობს ბუცხრიკიძე.

მისივე თქმით, გეგმის შეუსრულებლობა დასაქმებულთა ბრალი არ არის, რადგან მეშახტეები დაკისრებულ დავალებებს 100%-ით ასრულებდნენ.