არ მჭირდება მანქანა და მძღოლი, მე თვითონაც ვმართავ მანქანას. მყავს სკუტერიც და ცხენიც – იოსელიანი

პუბლიკა

„მოქალაქეების“ ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი საუბრობს თავისი საპარლამენტო თანამდებობის პრივილეგიებზე და ამბობს, რომ თანამდებობა არ არის ის, რის გამოც პარლამენტში შევიდა. მისი განცხადებით, ის პრივილეგიებით სარგებლობას არ აპირებს.

„დავინახე, რამდენი პრივილეგია მოჰყვება ამ თანამდებობას. აქ არის მანქანა, მძღოლი, ბენზინი, ტელეფონის ხარჯი და ა.შ და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მე არ მჭირდება. ამისთვის არ მივსულვარ იქ. არ მჭირდება იმიტომ, რომ ამის გარეშეც შემიძლია გავაკეთო ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ“, – განაცხადა იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“.

წამყვანმა ლევან იოსელიანს ჰკითხა, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობა ხომ არ არის სახლიდან სამსახურში მძღოლის დახმარებით მისვლა და მას სხვა პრივილეგიები და სტატუსი ახლავს თან.

„სტატუსი სტატუსად, მაგრამ პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ. არ ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენო. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა და ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან, პანდემიის გამო ასეთ სიტუაციაშია ეკონომიკა, ჩემი პრივილეგიებით სარგებლობა უხერხულობა იქნება“, – თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

წამყვანმა იოსელიანს მიმართა: „ერთი მხრივ, პოპულისტური განცხადებაა ან, მეორე მხრივ, დაგაბულინგეს და უხერხულად გრძნობთ თავს.“

„პოპულისტური არაფერ შუაშია. მე ვცხოვრობ საბურთალოზე. იმისთვის, რომ მივიდე რუსთაველზე, არ მჭირდება მანქანა და მძღოლი. მე თვითონაც ვმართავ მანქანას. მყავს სკუტერიც და თქვენ წარმოიდგინეთ ცხენიც, ასე რომ, გადაადგილების პრობლემა არ მაქვს. ყველგან შემიძლია მივიდე სახელმწიფოს დახმარების გარეშე“, – განაცხადა იოსელიანმა.