„არ ვიცი, მეც მხოლოდ თქვენგან მაქვს ეს ინფორმაცია“ - გამყრელიძე აცრის QR-კოდის შეფერხებაზე

პუბლიკა

დღეს გამართულ მედიავებინარზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ჟურნალისტებმა აცნობეს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილ საქართველოს მოქალაქეებს ექმნებათ პრობლემა საზღვარგარეთ, კერძოდ, ზოგიერთ ქვეყანაში ქართული QR კოდის წაკითხვა ვერ ხერხდება.

„არის თუ არა თქვენთვის ცნობილი ამ პრობლემის შესახებ და რას აკეთებთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?“, – ჰკითხეს ჟურნალისტებმა გამყრელიძეს, რაზეც ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და პირველად ჟურნალისტებისგან გაიგო.

„არ ვიცი, მეც მხოლოდ თქვენგან მაქვს ეს ინფორმაცია, რომ ცალკეულ შემთხვევაში ასე მოხდა. ჩვეულებრივად, ვინც იღებს QR-კოდით ამ აცრის სერტიფიკატს, ვთხოვ, რომ გადაამოწმონ ხოლმე ადგილზე, ის ჩვეულებრივი ტელეფონის ფოტოგანათებითაც ხდება და რაც მე მინახავს, ყველგან იკითხება ეს. თუ რაღაც ცალკეული შეფერხებებია… მაგრამ გარდა QR-კოდისა, მოგეხსენებათ, რომ აცრის სერტიფიკატზე დაბეჭდილია აცრის სტატუსი – გარდა QR-კოდისა, იქ არის მითითებული, რომ ესა და ეს ადამიანი, ამა და ამ რიცხვში ორჯერ არის აცრილი, ამა და ამ ვაქცინის, ამა და ამ სერიით. თუ არის ასეთები, უნდა გადავამოწმოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.


8 ივლისს ჟურნალისტმა გოგი გვახარიამაც Facebook-ზე დაწერა, რომ ქალაქ კანში, სადაც ის კინოფესტივალს აშუქებს, ქართული QR კოდი არ იკითხება.