1 ნოემბერს ქუთაისში ენმ-ის ოფისში ხატია დეკანოიძემ საუბნო კომისიის წევრთან ერთად ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ქუთაისის 90-ე კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აიძულებდა უბანზე ხმის უფლება მიეცა პირისთვის, რომელსაც სხვა პირადობა ჰქონდა. მისი თქმით, მან არ შეასრულა დავალება, რის გამოც დაემუქრნენ.
„მაძალებდა ქალბატონი ინგა, „ოცნების“ წარმომადგენელი. დამირეკა – ვინც შემოვა, გაატარეო. არცერთი არ გავატარე, ორი შემთხვევა იყო ასეთი – სხვა ადამიანი სხვა პირადობით შემოდიოდა და ყველა უკან გავუშვი. ყველაფერი წესის მიხედვით გავაკეთე. არაფერი დამიშავებია“, – განაცხადა 90-ე უბნის კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ.
რა მოხდა პირველ ნოემბერს „მაკდონალდსის“ წინ
იზა ჩირგაძის თქმით, 31 ოქტომბერს გაყალბების შესაძლო შემთხვევებზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით ის დაუკავშირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს და დახმარება სთხოვა. პირი, რომელსაც იზა ჩირგაძე დაუკავშირდა მარინა კეთილაძეა, ის 90-ე უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი იყო.
სატელეფონო საუბრის შემდეგ 1 ნოემბერს ქუთაისში „მაკდონალდსის“ შენობის წინ შეხვედრაზე შეუთანხმდა. იზა ჩირგაძესთან შესახვედრად მისვლას გეგმავდა მარინა კეთილაძე და ნინი თვალავაძე, რომელიც ქუთაისში ენმ-ის ოფისის თანამშრომელია.
მაკდონალდსთან მისვლის შემდეგ იზა ჩირგაძეს ასევე დაუკავშირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და უთხრეს, რომ ისინი ასევე იმყოფებოდნენ „მაკდონალდსის“ შენობასთან და მასთან შეხვედრა სურდათ.
იზა ჩირგაძისა და ენმ-ის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ მათი საუბარი ისმინებოდა, სხვა შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია მათი შეხვედრის ადგილის შესახებ.
იზა ჩირგაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ზარის შემდეგ ის სავაჭრო ცენტრ „გრანდმოლში“ შევიდა. რაზეც ასევე მიაწოდა ინფორმაცია ენმ-ის წარმომადგენლებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნინი თვალავაძის თქმით, იზა ჩირგაძე „გრანდმოლში“ ერთ-ერთ მაღაზიასთან იმალებოდა და როცა ის მარინა კეთილაძესთან ერთად მიუახლოვდა იზა ჩირგაძეს. ამ დროს გამოჩნდა ორი პირი – ქალი და კაცი, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ იზას ოჯახის წევრები იყვნენ და უნდა წაეყვანათ.
ნინი თვალავაძის თქმით, მათ იზას ხელი მოჰკიდეს, ერთად გამოვიდნენ სავაჭრო ცენტრის შენობიდან და მათ საკუთრებაში არსებულ მანქანაში ჩასვეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნინი თვალავაძემ ადგილიდან ჩართო facebook-ის live, სადაც ჩანს, რომ იზა ჩირგაძე მის მანქანაში ზის, ადგილზე მისულია პოლიცია და ასევე იმყოფება ორი პირი, რომლებიც ენმ-ის ახალგაზრდული ოფისის წევრის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან. პოლიცია ადგილზე გამოიძახეს იმ პირებმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ნინი თვალავაძეს იზა ჩირგაძე ძალის გამოყენებით გადაჰყავდა.
ნინი თვალავაძის live-ში ჩანს, რომ პოლიცია იზა ჩირგაძეს შესაძლო იძულებაზე უსვამს კითხვას. რაზეც ჩირგაძეს პასუხობს, რომ ის თავისი ნებით მიჰყვება მათ და იძულებას ადგილი არ აქვს.
ნინი თვალავაძე ამავე live-ში ორ პირს მიმართავს და ეკითხება – საიდან იცოდნენ იზა ჩირგაძესთან მათი შეხვედრის შესახებ და რატომ ძალადობდნენ ახალგაზრდა ქალზე.
ნინი თვალავაძის თქმით, მალევე ადგილზე მივიდა კრიმინალური პოლიცია, რომელსაც თვალავაძის გამოკითხვაზე გადაყვანა სურდა, თუმცა თვალავაძე არ გაჰყვა და იზა ჩირგაძესთან ერთად მანქანით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში წავიდნენ, სადაც მოგვიანებით ხატია დეკანოიძესთან ერთად ბრიფინგი გაიმართა.
ნინი თვალავაძის თქმით, იზა ჩირგაძე საღამოს საათებში, სახლში დაბრუნების შემდეგ მის ზარებს აღარ პასუხობს, ტელეფონი გათიშული აქვს და ასევე აღარაა ხელმისაწვდომი სოციალურ ქსელში.
„პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა იზა ჩირგაძეს მის კუთვნილ ტელეფონის ნომერზე, რომელიც ხელმისაწვდომი არაა.
გამოძიება და „ოცნების“ პოზიცია
„ოცნება“ შესაძლო გაყალბებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე ამბობს, რომ „სპეკულაციაა“.
ჩვენ დავუკავშირდით შსს-ს შეკითხვით, დაიწყო თუ არა გამოძიება შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაზე, რადგან იზა ჩირგაძე არჩევნების გაყალბების შესაძლო კონკრეტულ ფაქტებზე ჰყვებოდა. მასალა ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.
ომბუდსმენის ოფისში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მომხდარი ფაქტით დაინტერესდებიან და უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლიან.