ბოჭორიშვილის თქმით, თუ EU-ის საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს, მზად არიან, EU-სთან მოლაპარაკებები აწარმოონ

პუბლიკა

მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ, განაცხადა, რომ ტყუილია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივი გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა. როგორც ბოჭორიშვილი ამბობს, „ქართულ ოცნებას“ ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია. პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა „ქართული ოცნების.“

ბოჭორიშვილი ირწმუნება, რომ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ისინი მზად არიან აწარმოონ მოლაპარაკებები ევროკავშირთან.

 „2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „არავის მივცემთ საშუალებას, დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში, რაც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სრულიად შეურაცხმყოფელია“.

შეგახსენებთ, რომ ამავე განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცალსახად განაცხადა, რომ „ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად”.

აქვე გაკეთდა განმარტება: „მოლაპარაკებების გახსნა დღეს ზუსტად ისევე გამოიყენება ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟებისა და საზოგადოების გახლეჩვის ინსტრუმენტად, როგორც მანამდე კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა. მთავარი არაა ის, თუ როდის გავხსნით მოლაპარაკებებს, არამედ ის, თუ როდის დავხურავთ მას. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“.

აქვე შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილებას კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე იღებს ევროკავშირის საბჭო და არა კანდიდატი ქვეყანა,” – თქვა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით,  „იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიის მხრიდან საქართველოსადმი ორმაგი სტანდარტების გამოყენება და მძაფრი კრიტიკული დამოკიდებულება ყველასთვის თვალშისაცემია, საქართველოს შეფასებაში მაინც თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად წინ არის საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით“.

ბოჭორიშვილი პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს.