პარლამენტმა I მოსმენით მიიღო მორიგი ცვლილება გრანტების შესახებ კანონში, რომელსაც „ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინ დაამატა რეპრესიული ჩანაწერები.
კანონში ამჯერად განისაზღვრება, რომ გრანტად არ მიიჩნევა ისეთი სახსრები, რომლებიც გაიცემა:
- საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ;
- საკონსულო დაწესებულების მიერ;
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ იმ შემთხვევაში, თუ ეს სახსრები ხმარება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც გამომდინარეობს:
- უცხო ქვეყნის ხელისუფლების
- ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.
არჩილ გორდულაძემ, რომელმაც ცვლილება წარადგინა, თქვა, რომ მოქმედი რედაქციაში პოლიტიკური საქმიანობის განმარტება გრანტების შესახებ კანონში სიტყვა-სიტყვით გადმოტანილია ამერიკული FARA-დან“.
„რაც გულისხმობს, რომ დაფინანსებად ითვლება ის სახსრები და ნატურალური თუ ფულადი სახით გადაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე ან საზოადოების ნებისმიერ ნაწილზე გავლენის მოსახდენად განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული.
ამავდროულად, აღნიშნული განმარტება გრძელდება, რომ გადაცემული სახსრებში ითვლება გრანტად, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – თქვა არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, საელჩოები თავიანთი ქვეყნების ინტერესების გამტარებლები არიან. ამიტომ, „ვინმეს რომ არ წაეკითხა ისე, რომ თითქოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს სჭირდებათ საკუთარი ოპერირებისთვის მიღებული თანხების შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან, პირდაპირ ჩაიწერება, რომ ეს თანხები არ ჩაითვლება გრანტად“.
„ხოლო გრანტებად ჩაითვლება, მაგალითად, პოლიტიკის დაფინანსება და საქართველოს პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად გადაცემული სახსრები, როგორც ეს უნდა იყოს ნებისმიერ ქვეყანაში“, – თქვა არჩილ გორდულაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ გრანტების შესახებ კანონში ბოლო ცვლილებები 2026 წლის 4 მარტს მიიღო.
კანონით გაფართოვდა გრანტის განმარტება. დღეს მოქმედი კანონით, გრანტად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციისგან, უცხო ქვეყნის მთავრობისგან/სხვა ქვეყნის მოქალაქისგან მიღებული სახსრები, რომელიც ხმარდება/შეიძლება მოხმარდეს:
- ხელისუფლებაზე ან საზოგადოებაზე ზეგავლენის მიზნით ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ;
- ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
გრანტად ასევე მიიჩნევა:
- პოლიტიკური ინტერესების შესასრულებლად გაწეული ტექნიკური დახმარება – უსასყიდლოდ ან ანაზღაურების სანაცვლოდ;
- სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობისთვის გადაცემული სახსრები.
ამ გრანტების მიღებას საქართველოს მთავრობის ან უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.
ზოგიერთ შემთხვევაში თანხმობის მისაღებად მთავრობისთვის მიმართვა სავალდებულო იქნება ისეთი გრანტის გამოსაყენებლად, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე იქნა მიღებული.
კანონის მოთხოვნების დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს – სასჯელი ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც.