არჩევნებისთვის რეგისტრაცია 66-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა - ცესკო

პუბლიკა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა და „ცესკოში“ რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა.

„ცესკოს“ განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 78-მა პარტიამ მიმართა. აქედან 12-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაასრულა. პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რომელსაც პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს (არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა) და შესაბამისად იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ უკვე აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, – პარტია/საარჩევნო ბლოკი თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგენს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატს (არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა).“ – წერია „ცესკოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.