არსებული კრიზისიდან II ტურის სახით გამოსვლის რესურსს ვერ ვხედავთ | რას ფიქრობს ოპოზიცია „გირჩის“ იდეაზე

პუბლიკა

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა „გირჩის“ მოსაზრებაზე „რუსთავი 2-ის“ ეთერში იმსჯელეს.

„გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა რომ პოლიტიკური კრიზისიდან შემდეგ გამოსავალს ხედავს: არჩევნების შედეგები უნდა ჩასწორდეს ისე, რომ „მეორე ტურში წყდებოდეს, ვინ დარჩება ხელისუფლებაში და ვინ წავა ხელისუფლებიდან”. ამ სახით ფორმირებულმა პარლამენტმა კი უნდა გამოაცხადოს რიგგარეშე არჩევნები. „რუსთავი 2-ის“ ეთერში გაცხადდა, რომ მის მოსაზრებას იზიარებს ვახტანგ მეგრელიშვილიც.

„ეს იდეა მდგომარეობს იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნება იბოძოს და შეისმინოს სრულიად ოპოზიციური სპექტრის უნდობლობის მესიჯი და ის პროცენტი, რომელიც თავისთვის დაიწერა, ჩვენ კი არ გამოგვასწორებინოს სამართლებრივი პროცედურებით, ნება იბოძოს და ისე დასვას, რომ ვისია ხელისუფლება მეორე ტურში გაირკვეს და 48%, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” დაიწერა და თქვა მეორე ტურებსო აზრი არ აქვსო… ჩემი აზრით, თუ ეს არის ალტერნატივა იმ ესკალაციის, რომელიც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, როგორც პოლიტიკურ ველზე, ისე ჯანდაცვის მიმართულებით და ისე ფინანსურ სექტორში…

[მეორე ტური] მე მგონია, ერთადერთი, მშვიდობიანი გამოსავალი ხელისუფლებისთვის და მისაღები გამოსავალი შეიძლება გახდეს ოპოზიციისთვის, თუ ამას ის გულწრფელად გააკეთებს და მეორე ტურებს ფაქტობრივად შეთანხმება იქნება პოლიტიკური, არა სამართლებრივი, არა რაოდენობრივი დათვლა, არამედ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმება. მოდით, დავცხოთ მეორე ტურში და ვინც გაიმარჯვებს, ხელისუფლება იმის იყოს და თუ გვინდა შევიდეთ პარლამენტში ყველანი, რომც ოპოზიციამ წააგოს, შევალთ, ოღონდ იმ პირობით, რომ მოვიგოთ, მაინც არ იქნება სამართლიანი, იმიტომ რომ ეს არჩევნები არ არის სამართლიანი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება რთული წარმოსადგენია.

„რთული წარმოსადგენია, ციფრებია, ასე მოხდება, ისე მოხდება… ტექნიკური თვალსაზრისითაც. ამ ეტაპზე, ოპოზიცია ვერ მივიღებთ მონაწილეობას. არ ყოფილა განხილული. ეს არის „გირჩის“ მოსაზრება, ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი მოსაზრება. სამართლებრივ პროცედურას მივყვებით, რომელიც აჩვენებს რომ არ აპირებენ არაფერს, არც უბნის გადათვლას, რომ გვენახა კიდევ მეტი ფაქტები. მესმის ეს მოსაზრება, ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე, რა თქმა უნდა, ურთიერთობა გვაქვს „გირჩთანაც“, მაგრამ პერსპექტივას ვერ ვხედავ ამ მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძეც ეთანხმება გიორგი ვაშაძეს და ამბობს, რომ ის მე-2 ტურით კრიზისიდან გამოსავალს ვერ ხედავს, რადგან ქვეყანაში არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, ისე გასწორდეს არჩევნების შედეგები, როგორც ამას „გირჩი“ ამბობს.

„ვახო ამბობს, მე ასე გავიგე, რა თქმა უნდა, სამართლიანობის მექანიზმი თუ აღდგება არჩევნებთან მიმართებით, ეს აზრი გამოვიტანე მე, თუ სწორად გავიგე.

მე ვამბობ რას: პროცენტული მაჩვენებლის დათვლა, ერთი ადამიანის ერთი ხმა არის ერთი ციფრი, ეს არის ზუსტი მეცნიერება, მათემატიკა. პროცენტული რაოდენობის დათვლა,  მათ შორის დისბალანსი როგორ ჯდებოდა და რატომ დაჯდა, ამას ვერავინ ვერ გიაგებს, მოპარული და გამქრალი ბიულეტენები რატომ იყო… როგორ აბრუნეს ე.წ. კარუსელი… ჩვენ ვერ ვხედავთ მე-2 ტურით არსებული კრიზისიდან გამოსვლის რესურსს. მე ვამბობ, რომ სამართლიანობაზე, რომელზეც საუბრობს „გირჩი“, მე ამის აღდგენას ვერ ვხედავ არჩევნების ჭრილში. როგორ ვიმკითხაოთ ახლა, „ლელომ“, რომლის ხმებსაც პირდაპირ ყლაპავდნენ ყუთებთან, რამდენი პროცენტი აიღო?“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„გაყალბებული არჩევნების შედეგად შემდგარი პარლამენტი, რომელსაც ივანიშვილი მართავს, არანაირ რესურსს არ იძლევა“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე.

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი არსებული კრიზისიდან გამოსვლის 3 სცენარზე საუბრობს:

  1. ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია იჯდება მარტო და ეს იქნება საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
  2. რევოლუცია, როდესაც არ თმობს არაფერს და ჩვენ ქუჩიდან ვიბრძვით. იქნება ცემა-ტყეპა, გაწევ-გამოწევა.
  3. იქნება გამოსავალზე ორიენტირებული – პირველი, დაუბალანსებელი ოქმები რომ არის, რომელიც საბურთალოდან მაქვს წამოღებული, ხელისუფლებას მე კი არ უნდა ვეხვეწებოდე, შენი ჭირიმე დაჯექი და გადაითვალეო, საოლქოსთან ჯაჯგური კი არ უნდა მქონდეს, დაჯდეს, დაიწყოს დათვლა და თამარ ჟვანია და მთელი საარჩევნო ადმინისტრაცია გათავისუფლდეს, ეს არის ორი პირველი წინაპირობა, იმისთვის, რომ მერე დანარჩენ რაღაცებზე ვილაპარაკოთ“, – ამბობს ელისაშვილი.

„ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე არსებული საჩივრების გამჭვირვალე განხილვაში ხედავს, საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით. ასეთ შემთხვევაში, ბადრი ჯაფარიძე იმედს გამოთქვამს, რომ შედეგების 50%-მდე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რაც არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობასაც შექმნის.