„ეს გამოგვიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან" - იაგო ხვიჩია მიმდინარე პროცესებზე

პუბლიკა

„გირჩის“ თავმჯდომარე და საარჩევნო სიის მე-2 ნომერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ არსებულ პოლიტიკურ კრიზისს შეიძლება ორი განვითარება ჰქონდეს: რევოლუცია ან ერთპარტიული, კომუნისტური ტიპის ხელისუფლება.

ხვიჩია აცხადებს, რომ ამ კრიზისის თავიდან აცილების გზას ხედავს შემდეგნაირად: არჩევნების შედეგები უნდა ჩასწორდეს ისე, რომ „მეორე ტურში წყდებოდეს, ვინ დარჩება ხელისუფლებაში და ვინ წავა ხელისუფლებიდან”. ამ სახით ფორმირებულმა პარლამენტმა კი უნდა გამოაცხადოს რიგგარეშე არჩევნები.

„ოცნებამ“ კომუნიზმში დაგვაბრუნა. ყველა კრიზისი, რომელიც ქვეყანაში მოხდება, იქნება „ოცნების“ ბრალი. ჰორიზონტზე ამის გადაწყვეტის არანაირი გზა არ არსებობს, იმიტომ რომ კობახიძე-თალაკვაძე უყურებს ერთმანეთს თვალებში პარლამენტში. იქ არანაირი პერსპექტივა არ არის, სრული უიმედობის განცდაა. ეს ამბავი დამთავრდება ან ჩვენი შუა აზიად ქცევით, ან რევოლუციით. ჩვენ არც ერთი გვინდა, არც მეორე. ამიტომ ვთავაზობთ ყველას გამოსავალს, რომ ისე ჩავასწოროთ ახლა შედეგები, რომ მე-2 ტურს ჰქონდეს აზრი. ვინ რჩება და ვინ არ რჩება მთავრობაში, წყდებოდეს II ტურით. ამით ჩვენ რაღაცნაირ რეაბილიტაციას განვახორციელებთ  I ტურის, მაგრამ არა სრულს. ამის მერე, როცა პარლამენტი ასეთი ფორმით შეიკრიბება, მთავარი, რაზეც უნდა იზრუნოს, არის ის, რომ ჩაატაროს  რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები. ამ (31 ოქტომბრის) არჩევნების ლეგიტიმაციის მიღება შეუძლებელია.

თუ მეორე ტურს ექნება აზრი და თუ მეორე ტურს ჩავატარებთ წესიერად, „ქართული ოცნების“ უპირატესობა ვერ იქნება ისეთი, რომ მან ერთპიროვნული მმართველობა მიიღოს. დიდი შანსია, რომ ამ პარლამენტში მივიღოთ კოალიციური მმართველობა, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. ვიცით, რომ ეს გაყალბებული არჩევნებია, მიუხედავად იმისა, ვინ შევა პარლამენტში.

იმისთვის, რომ ამის რეაბილიტაცია მოვახდინოთ, მალე, ოღონდ, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია პარლამენტში შევა და დაიწევს ტემპერატურა, ადამიანურ პირობებში, უნდა ჩავატაროთ ახალი არჩევნები, სადაც არ იქნება ასეთი პრობლემები, რაც აქ იყო და უნდა ვაღიაროთ მისი შედეგები – ეს გამოგვიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან. გადათვლა, პროცენტების დაკლება „ქართულ ოცნებაზე“, რომ II ტურს მიეცეს აზრი, II ტურის ჩატარება, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა და უახლოეს მომავალში ხელახალი არჩევნების ჩატარება“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

ხვიჩიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი სიტუაცია შექმნა არჩევნების შედეგების ამგვარი გაყალბებით, რომ პარლამენტში თუ შედიხარ, კოლეგების და მეგობრების „გადამგდები“ ხარ.

„ჩემს პარტიას გადამგდებად ყოფნა არსად არ გვინდა, ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს, გრძელვადიანი. „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ პარტიამ, რომელიც ვიბრძოდით საპარლამენტო სკამებისთვის, მოვიგეთ, მაგრამ საპარლამენტო სკამები გაქრა, ბუნებაში აღარ არსებობს, იქ ჯდომა უხერხულია. ჩვენ ახლა ამ წრეზე ვტრიალებთ და ზედმეტად ემარტივებათ იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში. ღირსების საკითხი გახდა ეს ამბავი. უნდა შეიცვალოს გარემოებები, კონსენსუსის გარეშე ვერავინ შევა პარლამენტში. თუ მართლა დავიჯერებთ, რომ II ტურში წყდება ხელისუფლების ბედი, მაშინ წავალთ ამაზე, ოღონდ ამას აზრი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.