10 საინტერესო ფაქტი ჯიქის, იმავე ლეოპარდის შესახებ

პუბლიკა

რამდენიმე დღის წინ საქართველოში 12 წლის შემდეგ ჯიქი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, „ნაკრესის“ ინფორმაციით, კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა, ბეჟან ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, 17 ოქტომბერს საქართველოსთვის იშვიათი ცხოველის ფოტო ერთ-ერთ ფოტოხაფანგში აღმოაჩინა.

„ჯიქის, ანუ ლეოპარდის (Pantera pardus) ა.წ. აგვისტოში გადაღებული ფოტო აღმოვაჩინეთ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ჩვენ მიერ ორი თვის წინ დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტოხაფანგის შემოწმებისას“, – წერდა „ნაკრესი“ რამდენიმე დღის წინ.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავდა, საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, მას შემდეგ, რაც ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიებზე მისი ბოლო ნაკვალევი იპოვეს. ორგანიზაციის ამ სიახლეს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, მოქალაქეთა ნაწილს ჯიქი რქოსანი ცხოველი ეგონა და  ბევრი აღნიშნავდა, რომ მათ ფოტოს გავრცელების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ჯიქი იგივე პანტერაა.

„პუბლიკა“ გთავაზობთ ჯიქის შესახებ 10 საინტერესო ფაქტს, რომელიც შესაძლოა, არ იცოდეთ:

10. როგორც „ვეფხისტყაოსანში“, ისე ლექსში „ამბავი ვეფხისა და მოყმისა“, შესაძლოა, სწორედ ჯიქზე იყოს საუბარი.

როგორც „ნაკრესი“ სახეობის მოკლე მიმოხილვაში წერს, არსებობს გარკვეული გაუგებრობა და ტერმინების აღრევა სახეობა Panthera pardus-ის ქართულ სახელწოდებასთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, რომ ამ სახეობის ქართული სახელწოდება „ჯიქია“, ტერმინი „ლეოპარდი“ როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც ფართოდაა გავრცელებული.

მთაში, მაგალითად, ხევში, ხევსურეთსა და თუშეთში მას „ვეფხს“ ან „ვეფხვს“ უწოდებენ. მართალია, ამჟამად „ვეფხვი“ გამოიყენება კონკრეტული სახეობის აღსანიშნავად, მაგრამ წარსულში ეს სახელწოდება შესაძლოა, კრებითი სიტყვა იყო და გამოიყენებოდა ყველა შედარებით დიდი ზომის კატისებრებისთვის, როგორიცაა ფოცხვერი და ჯიქი, ასევე ავაზა ანუ გეპარდი.

როგორც ორგანიზაცია „ნაკრესი“ აღნიშნავს, ამ სახეობის კულტურულ-ესთეტიკური მნიშვნელობისთვის გასათვალისწინებელია, რომ როგორც „ვეფხისტყაოსანში“, ისე ლექსში „ამბავი ვეფხისა და მოყმისა“, სავარუდოდ, სწორედ ლეოპარდზეა საუბარი.

ფოტო გადაღებულია ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიებზე, „ნაკრესის“ მიერ. დეკემბერი, 2005 წელი.

9. XX საუკუნის დასაწყისისთვის ლეოპარდის არეალი მოიცავდა საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას

„ნაკრესის“ ინფორმაციით, ცნობილი გეოგრაფი და ზოოლოგი, ნიკოლაი დინიკი აღნიშნავდა, რომ XX საუკუნის დასაწყისისთვის ლეოპარდის არეალი მოიცავდა საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას (ზეგანისა და სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე გაშლილი ჰაბიტატების გარდა). ლეოპარდის მაღალი სიმჭიდროვის კუთხით კი მეცნიერი ბზიფის ხეობას, მესხეთის ქედსა და შავი ზღვის სანაპირო მთიანეთს აღწერდა.

იგი ასევე აღწერს ბორჯომის სამონადირეო პარკში რამდენიმე ინდივიდის მოწამვლის ფაქტს, რაც, ავტორის აზრით, იმაზე მიუთითებდა, რომ ამ ადგილებში ლეოპარდის მაღალი სიმჭიდროვე უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, დინიკი აღნიშნავს, რომ ეს მტაცებელი დიდი რაოდენობით იყო ალაზნის დაბლობსა და აღმოსავლეთ კავკასიონზე.

8. XX საუკუნის შუიდან დღემდე ჯიქის მოპოვების სულ 8 ფაქტია ცნობილი.

გასული საუკუნის ბოლოს ჯიქის რაოდენობა იმდენად შემცირდა, რომ მას, ფაქტობრივად, გადაშენებულად მიიჩნედნენ. როგორც ორგანიზაცია „ნაკრესი“ ამბობს, XX საუკუნის მიწურულს ჯიქი შემორჩენილი იყო ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში და მცირე კავკასიონზე – არსიანის ქედზე.

  • ზედაზენთან მოკლული ინდივიდი, 1954 წელი.

7. პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, ლეოპარდის არსებობა ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიებზე დაადასტურეს

ლეოპარდის კვალი, 2003 წ.

ლეოპარდის კვალი 2003 წელს ნახეს, ხოლო მომდევნო წელს სპეციალურად დამონტაჟებულმა ფოტოხაფანგმა ახალგაზრდა ხვადი ინდივიდის ფოტოსურათიც გადაიღო. ეს ფაქტი 2021 წლის ოქტომბრამდე რჩებოდა საქართველოში ლეოპარდის არსებობის ერთადერთ ფოტოდოკუმენტირებულ დადასტურებად.

 

თუმცა იმავე პერიოდში თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე კვლევის დროს ნანახი იქნა კატისებრის მიერ დატოვებული ნათხარები და ექსკრემენტი, რომლებიც მაღალი ალბათობით ლეოპარდს ეკუთვნოდა.

კავკასიაში ლეოპარდის ერთ-ერთი პირველი ფოტო.
ვაშლოვნის დაც. ტერიტორიები. „ნაკრესი“, აპრილი, 2004

6. თუშეთის გარდა, სავარაუდოა, რომ ლეოპარდი ჯერ კიდევ შემორჩენილია როგორც ხევსურეთში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, „ნაკრესის“ ინფორმაციითვე, თუშეთის გარდა კვლევა ხევსურეთშიც განხორციელდა, თუმცა ადგილობრივ მონადირეთა მონაყოლის გარდა, ლეოპარდის არსებობის დამადასტურებელი ნიშნები არ დაფიქსირებულა. მოსახლეობისგან მიღებული მეტ-ნაკლებად სარწმუნო ინფორმაციისა და ამ სახეობის ბუნებრივად დაბალი სიმჭიდროვისა და მეტად იდუმალი ცხოვრების ნირის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ ლეოპარდი ჯერ კიდევ შემორჩენილია როგორც ხევსურეთში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.

5. კავკასიური ლეოპარდი სხვა ქვესახეობასთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა

კავკასიური ლეოპარდი, ზოგიერთ სხვა ქვესახეობასთან შედარებით, „ნაკრესის“ ცნობით, სავარაუდოდ, უფრო დიდი ზომისაა, ხოლო შეფერილობით უფრო მკრთალი (მაგ., აფრიკულ და აზიურ ქვესახეობებთან შედარებით). ვაშლოვანში დაფიქსირებული მამრი ინდივიდის სავარაუდო ზომები იყო: სხეულის სიმაღლე ნიდაოში 70-75 სმ; წინა თათის სიგრძე 10 სმ., სიგანე – 10,5 სმ., ბალიშის სიგრძე – 6 სმ., სიგანე 7; უკანა თათის სიგანე წინაზე ოდნავ მცირეა – 9 სმ. (ლორთქიფანიძე და სხვ. 2004).

4. საქართველოში ლეოპარდის რაოდენობის ინტენსიური შემცირება გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება.

„ნაკრესის“ ცნობით, ამის მთავარი მიზეზი იყო როგორც აქტიური დევნა და ნადირობა, ასევე, ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების შედეგად არეალის შემცირება-დანაწევრება. საკვები ბაზის შემცირებამ, სავარაუდოდ, ნაკლები როლი ითამაშა, რადგან მსხვერპლი სახეობის მკვეთრი შემცირება მოგვიანებით, კერძოდ, 90-იანი წლებიდან იწყება.

3. ლეოპარდის მოკვლა კანონით აკრძალულია 1977 წლიდან.

„ნაკრესის“ ცნობით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არალეგალური ნადირობა, პრაქტიკულად, არ კონტროლდებოდა. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში ლეოპარდის მოკვლის შემთხვევების შესამჩნევი მატება არ შეინიშნებოდა (თუ დავუშვებთ, რომ ლეოპარდის მოკვლის ფაქტის გახმაურების ალბათობა შედარებით მაღალია). როგორც ჩანს, ეს იმას უკავშირდება, რომ ლეოპარდი უკვე იმდენად იშვიათი იყო, მისი შეხვედრის (მოკვლის) ალბათობა ძალზედ მცირე იყო.

ამის მიუხედავად, ასეთი მცირერიცხოვანი პოპულაციისთვის ერთი ინდივიდის მოკვლაც კი გამოუსწორებელი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. ამიტომ ბრაკონიერობა დღესაც რჩება ლეოპარდის პოპულაციისთვის პოტენციურად ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ.

2. რამდენიმე წლის განმავლობაში ვაშლოვანში ხვად ინდივიდს, სახელად ნოეს აკვირდებოდნენ.

ხვადი ინდივიდი, სახელად ნოე, რამდენიმე წლის განმავლობაში რჩებოდა ვაშლოვანსა და მის შემოგარენში და „ნაკრესმა“ მისი ათეულობით ფოტო გადაიღო, ეროვნული პარკის ერთ-ერთ რეინჯერთან ერთად ბეჟან ლორთქიფანიძემ იგი ცოცხლადაც ნახა ღამის გასვლაზე. ნოე 2009 წელს გაუჩინარდა და მისი აღარც ფოტო და არც ახალი ნაკვალევი აღარ დაფიქსირებულა.

1. საქართველოში ლეოპარდის საკვებს წარმოადგენს როგორც მცირე ზომის ცხოველები, საშუალო ზომის ჩლიქოსნები და მიწაზე მობუდარი ფრინველები, ასევე, შინაური ცხოველებიც.

საქართველოში ლეოპარდის რაციონის შესახებ ინფორმაცია ძალიან ზოგადია. მეცნიერების ცნობით, ჯიქის საკვებს საქართველოში წარმოადგენს: ირემი, შველი, ნიამორი, ჯიხვი, არჩვი და გარეული ღორი. დამატებით საკვებად შეიძლება განვიხილოთ: კურდღელი, მაჩვზღარბა, მაჩვი და მიწაზე მობუდარი ფრინველები.

ზოგადად კი, ლეოპარდი უპირატესობას ანიჭებს საშუალო ზომის (10-40 კგ) ჩლიქოსნებს, მაგრამ ასევე ახასიათებს მეტად მრავალფეროვანი დიეტა და ჭამს მწერებს,
ქვეწარმავლებს, ფრინველებსა და წვრილ თუ მსხვილ ძუძუმწოვრებს.

არეალის ფარგლებში ლეოპარდის რაციონი იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელი მსხვერპლი სახეობები და კონკურენტი მსხვილი მტაცებლებია გავრცელებული მოცემულ რეგიონში. გარკვეული ადგილი უკავია ლეოპარდის რაციონში შინაურ ცხოველებს (ცნობილია, რომ ლეოპარდის თავდასხმის ფაქტები შინაურ ცხოველებზე, მათ შორის, ძაღლებზეც, ზოგიერთ ადგილში მეტად ხშირია, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ველური ჩლიქოსნების სიმჭიდროვე მეტად დაბალია.