აწონილია, შეფასებულია და გაყიდულია

დავით ბუხრიკიძე

მარიტა თევზაძისა და ანა ჯეგნარაძის დოკუმენტური ფილმი „პავილიონი“ – ძველი კინოსტუდიის გარდასული დიდება და დღევანდელი ტრავმები.

კინოფესტივალზე CinéDOC-Tbilisi, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე პანდემიის შეზღუდვების გამო ღია სივრცეში ჩატარდა, საკონკურსო სექციაში FOCUS CAUCASUS მთავარი ჯილდო გადაეცათ მარიტა თევზაძესა და ანა ჯეგნარაძეს, დოკუმენტური ფილმისთვის „პავილიონი“. ახალგაზრდა რეჟისორების სადებიუტო და სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი, რომელიც თბილისში, ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზეა გადაღებული, სამწუხაროდ, მართლაც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა…

საქმე ისაა, რომ ფილმი გარკვეულწილად დავით აღმაშენებლის N164-ში მდებარე ძველი კინოსტუდიის შენობის ბედს ეხება, რომელსაც გარედან დღესაც ათასგვარი წარწერა ამშვენებს. ქართული კინოს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები სწორედ ამ შენობას უკავშირდება, რომელიც აუქციონზე უკვე გაიყიდა და რომლის ბედიც ასე აღელვებდათ ფილმის გმირებს.

ძველი კინოსტუდიის პავილიონის გარეშე ქართულ კინოზე საუბარი წარმოუდგენელია. ეროვნული კინემატოგრაფიის ისტორიაში შესული მუნჯური თუ ხმოვანი ფილმები სწორედ აქაა გადაღებული. პავილიონი 1927-30 წლებში, არქიტექტორ მიხეილ ბუზოღლის პროექტით აშენდა და ბაუჰაუზის, კონსტრუქტივიზმისა და ავანგარდის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. ის მართლაც გამოირჩევა თბილისის ჭრელ და მრავალფენოვან არქიტექტურაში.  

კინოპავილიონის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და შესაბამისად, მისი დემონტაჟი და ძირეული რეკონსტრუქცია დაუშვებელია. ბედის ირონიაა, რომ სწორედ ფილმ „პავილიონის“ გადაღებიდან დაახლოებით ერთ თვეში, დეველოპერულმა კომპანია „ჯიარდისმა“, რომელიც ათეულობით მეპატრონის გამოცვლის შემდეგ წლების განმავლობაში ამ შენობის მფლობელი იყო, ახლა უკვე რეალურად მოძებნა მყიდველიც და ინვესტორიც. დიდი დრამატურგის ენაზე რომ ვთქვათ, „ალუბლის ბაღი გაყიდულია, ბატონებო“-  ასე მოულოდნელად გაერითმა ერთმანეთს ფილმ „პავილიონში“ ასახული ატმოსფერო და ათწლეულების განმავლობაში შენობის გაყიდვა-გასხვისების აბსურდულ-დრამატული ისტორიები.

ამგვარი მნიშვნელოვანი და სავალდებულო ინფორმაციის შემდეგ, რომელსაც როგორც წესი, ფილმების მიმოხილვასა თუ რეცენზიებში ნაკლები დრო ეთმობა, შეგვიძლია უშუალოდ ფილმის ესთეტიკაზე გადავიდეთ. 75-წუთიანი, საკმარისად დახვეწილი და უფრო სოციალური ქვეტექსტებით გაჯერებული ფილმი არაერთხელ შეგვახსენებს ეკონომიკური კრიზისისა და საზოგადოებაში არსებული დეპრესიული განწყობის შესახებ.

ეს უცნაურად ბლაგვი თუ დუნე დეპრესია მთელ ფილმშია განფენილი, რომელიც მთლიანად გამსჭვალავს წელიწადის ოთხივე დროს. ისინი ქვეთავებად არის გამოყოფილი. პარადოქსი ისაა, რომ ოთხივე დროს ერთი და იგივე ტემპო-რიტმი აქვს, თითქოს ატმოსფეროში არაფერი იცვლება ზაფხულის გარინდებული ხვატისა თუ ზამთრის სიცივის მიუხედავად.

სოციალიზმის გარდასული დიდება და ნგრევის პირას მისული შენობის „ტრავმები“ კინოსტუდიის პავილიონში თითქოს ერთად არის თავმოყრილი. აქ ყველაფერი ხილული და მგძნობიარეა, ამავე დროს, ერთმანეთისგან დისტანცირებული: ერთ დროს ისტორიული შენობის აჩრდილები, განსხვავებული, მაგრამ ურთიერთგადამკვეთი სივრცეები, ახალგაზრდების მონდომება, როგორმე მკვდარი შენობა გააცოცხლონ… საბჭოთა ეპოქიდან შემორჩენილ ხის კარს ჯერ კიდევ ამშვენებს რუსული წარწერა – администратор.

„პავილიონში“ ძალიან ეფექტურადაა გამოყენებული ინდოელი კინემატოგრაფისტების ვიზიტის ამსახველი კადრები, ხანაც საბჭოთა ეკოლოგიურ-პროპაგანდისტული ეპიზოდები – თუ როგორ ამწვანებენ კინოსტუდიის ეზოს კინოსტუდიის თანამშრომლები.

საინტერესოა პარალელური ხაზიც, რომელიც იქვე, კინოსტუდიის ეზოში მცხოვრები რეალური პერსონის, გივი წიქარიძის ყოფას გვაცნობს. ამ ადამიანმა თავისი სპეციფიკური ხმის წყალობით 50-ზე მეტი მულტფილმი გაახმოვანა. მათ შორისაა „წუნა და წრუწუნა“და „ჩხიკვთა ქორწილი“. დღეს კი სიღარიბესა და მარტოობაში ცხოვრობს. ემოციური და ასევე მხატვრულია მისი დაბადების დღის ამსახველი ეპიზოდი, თუმცა ეს უფრო პარალელური ამბავია, ასე ვთქვათ, „სხვა კინო“, რომელსაც ნაკლები შეხება აქვს მთავარ ამბავთან.

ფილმში რამდენჯერმე ჩნდება ღამით გადაღებული ახალი სასტუმროც „კინგ დავითიც“, რომელიც ჩელუსკინელების ხიდის გადაღმა, მტკვრის სანაპიროზეა წამოჭიმული და რომელიც შორეულ კოსმოსურ ხომალდს უფრო ჰგავს, ან ზღვაში გაჩერებულ გიგანტურ გემს. ამ ეფექტს „ფართოდ გახელილი“ ოპტიკაც ხელს უწყობს. სხვათა შორის, ფილმის რეჟისორები თავად არიან ოპერატორებიც, რაც ცოტა სარისკო და, ჩემი აზრით, უცნაური გადაწყვეტილებაა. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ პაატა გოძიაშვილის საუნდ-რეჟისურა და ნიკო ტარიელაშვილის ფერთა კორექცია.

მარიტა თევზაძისა და ანა ჯეგნარაძის ფილმი გვიბიძგებს, ყოფითი თხრობისა და სიუჟეტის მიღმა კინოსტუდიის ისტორიულ-არქიტექტურული შენობის საბედისწერო თავგადასავალიც დავინახოთ. სხვათა შორის, დაახლოებით ანალოგიურია ისტორიული კინოთეატრის, „აპოლოს“ დრამატული თავგადასავალიც – საბჭოთა ეპოქიდან ველურ პოსტსაბჭოთა კაპიტალიზმამდე, დოკუმენტურ-მხატვრული რეალობიდან კომერციულ განზომილებამდე, რომელშიც კინემატოგრაფისთვის ადგილი თითქმის აღარ დარჩა.