ბექა ქურხულის „უკრაინული დღეები”

ზურა ვარდიაშვილი

ინტერვიუ მწერალ ბექა ქურხულთან


თავდაპირველად, მკითხველისთვის ვიტყვი, რომ მას წინ ელის ბექა ქურხულის „უკრაინული დღეები”, რომელსაც პუბლიკა ნაწილ-ნაწილ გამოაქვეყნებს. ამიტომაც უშუალოდ ამბავს, თავგადასავალს არ მოგაყოლებ. ამას მკითხველი მალე ჩემზე უკეთ აღწერილს წაიკითხავს. მე გკითხავ, შთაბეჭდილებების, განცდების, ემოციის, დამოკიდებულებების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, მაინტერესებს, საერთოდ რატომ გადაწყვიტე უკრაინაში წასვლა?

დიდხანს არ მიყოყმანია. რადგან ასე პირდაპირ საქართველოს ეხებოდეს, მეზობლის, მეგობრის, მოძმე ქვეყნის ომი, არც მახსენდება ჩვენს ისტორიაში. ღმერთმა არ ქნას და უკრაინის დამარცხება, რაიმე სახით, ნიშნავს, რომ ჩვენ, მოლდოვა, ჩრდილოეთ კავკასია (რომელიც ისედაც საშინელ დღეშია, მაგრამ უარესად გაურთულდებათ სიტუაცია) პირდაპირი დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდებით; არ არის გამორიცხული – პირდაპირი სამხედრო დარტყმის ქვეშაც კი. 

9 აპრილიდან მოყოლებული რუსეთმა მთელი ჩემი თაობა ჩააწვინა მიწაში, ჯოჯოხეთად გვიქცია ჩემი ანგელოზივით სამშობლო. ასე რომ, მე ამ სახელმწიფოსთან (ეთნიკურ წარმომავლობაზე საუბარი, ცხადია, სისულელეა) ჩემი პირადი ანგარიშებიც მაქვს. 

მომიყევი უკრაინელების განწყობების შესახებ, როგორია მათი მოტივაცია, სჯერათ გამარჯვების?

მე არ მინახავს უკრაინელი, რომელსაც არ სჯერა.

დაზვერვის წრებიდან მოსული პუტინი, რომელიც მთელი ცხოვრება გვემუქრებოდა და გვაშინებდა, აღმოჩნდა, რეალობის წინაშე, რომ მისი სამსახური ან საერთოდ ვერ მუშაობს, ან მისი იმდენად ეშინიათ, იმდენად ავტორიტარული სამსახური ჩამოაყალიბა, რომ ვერ ეუბნებიან სიმართლეს. 

იმიტომ, რომ, ე.წ. რუსულენოვანმა ქალაქებმა უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იბრძოლეს. ძალიან დიდი წინააღმდეგობა გასწიეს. პუტინი ამას არც კი ელოდა. ხარკოვმა, ხერსონმა, მარიუპოლმა, სევერნოდონეცკმა, სადაც ახლა გააფთრებული ბრძოლები მიდის, გვაჩვენა, რომ ამ ომმა მთელი უკრაინა გააერთიანა და ერთ მუშტად შეკრა. 

ამასთან, რითაც ამართლებდა პუტინი ამ გაუმართლებელ ომს, რომ  ნატო მივიდოდა მის საზღვრებთან უფრო ახლოს, რეალურად მიიღო კიდეც შედეგად. ფინეთის და შვედეთის სახით. 

თუ 24 თებერვლამდე აღმოსავლეთ უკრაინას კიდევ რაიმე სენტიმენტები ჰქონდა რუსების მიმართ, ლინგვისტური თვალსაზრისით, ეთნიკური თვალსაზრისით, ეს დამთავრებულია. მით უმეტეს, ომიცაა და ომიც. ისე საშინლად იქცევიან, ისეთ საშინელებებს ატრიალებენ, ამის დავიწყება წარმოუდგენელია. 

უკრაინა როგორც არასდროს, ისეა გაერთიანებული. შემართულია უზარმაზარი საბრძოლო რესურსით, უზარმაზარი ტერიტორიით, უზარმაზარი სულისკვეთებით. თვითონ ვნახე „აიდარის” (ერთ-ერთი ძალიან ბრძოლისუნარიანი ბატალიონია) მეთაური, რომელიც ამბობს, რომ „მე ვარ რუსი. მე როგორც აქაურ რუსს, არ მინდა პუტინის დიქტატურაში და საშინელებაში ცხოვრება”. 

ობოლონიაში, მთელი ცხოვრება ლუდს ხარშავენ, ამ დასახელების ცნობილი ლუდიც არსებობს. წინასწარ მოიფიქრეს და პირდაპირ იარაღი დაარიგეს, სატვირთოებით. რუსებმა აქ დესანტი ჩამოსხეს. ვიდრე უკრაინული ჯარი იქ მივიდოდა,  უბნელმა ბიჭებმა გაყარეს რუსები. 

ეს არ არის ეთნიკური და ერთა შორის კონფლიქტი, ეს არის პირველ რიგში მენტალური კონფლიქტი. რა გინდა შენ – თავისუფლება, ევროპული ცხოვრების წესი, თუ გინდა განუწყვეტელი დიქტატურა, სადაც მხოლოდ სახელები იცვლება – სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი, პუტინი… ეს მენტალურად სრულიად სხვა ხალხია, ესენი არიან თავისუფალი ხუტორელები, აქ თითქმის არ ყოფილა ბატონ-ყმობა…

რაღაცებში ძალიან გვგვანან, სულ შიდა პოლიტიკური კონფლიქტები აქვთ, მეუბნებოდნენ „არ მომწონს ეს პოლიტიკოსი, მომწონს ის პოლიტიკოსი, მე მინდა გამოვიდე, ვიყვირო ჩემს ნებაზე”. და სწორედ ამ უფლებისთვის იბრძვიან, ამ თავისუფლებისთვის. ისევე, როგორც აღწერილი აქვს გოგოლს გადასარევად, „ტარას ბულბაში”, როცა კოშევოის ირჩევენ. 

ბიჭი შეგვხვდა ლვოვის მატარებელში, ნახევრად მოლდოველი ვარ, ნახევრად სომეხიო, და ვარ უკრაინელიო. ესაა ახლა უკრაინა.

შენ ამ ერთი თვის განმავლობაში ბევრ უკრაინელს შეხვდი, რას ფიქრობენ ისინი საქართველოზე? ქართველებზე? გაბრაზება ხომ არ შეგიმჩნევია ჩვენი მთავრობის, რბილად რომ ვთქვათ, არასასიამოვნო ქცევაზე?

არა. არა. 

სხვათა შორის, ჩვენი მთავრობის ქცევას გავიგებდი, მართლა ჩვენ რომ გვიფრთხილდებოდნენ. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ქოცები ჩვენზე ფიქრობენ, რომ „არიქა, ბიჭები არ დაგვეხოცონ”, ესენი უფრთხილდებიან თავიანთ უსაფრთხოებას, თავიანთ კომფორტის ზონას. და ეს ძალიან საწყენია.

გაცილებით მკვეთრი განცხადებები შეიძლებოდა გაკეთებულიყო. გაცილებით კატეგორიულები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. გაცილებით მეტი მხარდაჭერა შეიძლებოდა დაგვეფიქსირებინა.  ჩასვლით, მოკითხვით. 

უკრაინელები ხელისუფლებას და ხალხს მშვენივრად მიჯნავენ. მეტსაც გეტყვი – ჩვენ ორჯერ დაგვაკავეს, გაგვაჩერეს, ერთხელ კიევში, ერთხელ ლვოვში. და აღმოჩნდა, რომ საქართველოს პასპორტით გაცილებით ადვილად გიშვებენ. კი, ძალიან სკრუპულოზურად გამოწმებენ, მეტიც, ანბანიც მაჩვენეს ქართული და მითხრეს, წაიკითხეო. რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ქართველები ვიყავით. 

ძნელია, ქართველებთან რთული ურთიერთობა ჰქონდეთ, რადგან სანამ იქ ვიყავით, ერთი თვის განმავლობაში 4 ბიჭი დაგვეღუპა. მთლიანობაში უკვე 14. დაჭრილები – ცალკე. 

ჩვენ შევხვდით აზოვის დამფუძნებლებს, უკრაინელებს, ისინი უდიდესი პატივისცემით საუბრობენ ქართველი მეომრების შესახებ. 

რა როლს ასრულებენ ქართველი მეომრები ამ ბრძოლაში? რამდენად ძლიერ ძალას წარმოადგენენ ისინი რუსებთან ბრძოლაში?

ორი ათასი ჯარისკაცი იბრძვის. მეტსაც გვეტყვი, ებრაელი ბიჭი გავიცანი, ქართული დროშით მკლავზე. რომ გამოველაპარაკე, თქვა რომ ისრაელის არმიის ყოფილი სამხედროა, და ახლა ქართულ ლეგიონში მსახურობს. ქართულ ლეგიონში მსახურობენ არამარტო ქართველები, არამედ ამერიკელები, ბრიტანელები, სხვადასხვა ერის წარმომადგენლები. 

ქართველები საკმაოდ აქტიურ მონაწილეობას იღებენ უშუალო ბრძოლებში. ქართველი მეომრების რამდენიმე დაჯგუფებაა უკრაინაში, რომლებიც პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის მიუხედავად, მშვენივრად გვარდებიან ერთმანეთში.

საკმაოდ განსხვავდებიან – არიან პირველი პრეზიდენტის მომხრეები, არიან მესამე პრეზიდენტის მომხრეები, არიან გვარდიელები, მხედრიონელები, ვისაც ანგარიშები აქვს გასასწორებელი რუსეთის იმპერიასთან, ყველა იქაა.

რა შეგვიძლია ჩვენ, ქართველებს საქართველოს მოქალაქეებს გავაკეთოთ უკრაინისთვის? რა მოლოდინი აქვთ მათ ჩვენგან? 

ძალიან ბევრი შეუძლიათ პოლიტიკოსებს, რომ გააკეთონ. გამოხატონ მტკიცე მხარდაჭერა, გააკეთონ მკვეთრი განცხადებები, მეტად დაგმონ რუსული აგრესია მეტი… 

მეორე ფრონტიო“, რომ გაიძახიან, მეორე ფრონტი არა და, მოლაპარაკებები ნამდვილად შეგვიძლია, მაგალითად, ოკუპირებულ სოხუმთან, აი ეს ნამდვილად ვიცი. ბევრთან მაქვს ურთიერთობა. არიან აფხაზები, რომლებსაც სურთ ჩვენთან საუბარი. და აქედან ყურს არავინ იბერტყავს და დამლაპარაკებელი არავინაა. არ აინტერესებთ ეგ თემა. ჩვენ თუ აფხაზებს დაველაპარაკებით, ამითაც შეგვიძლია რუსებს დისკომფორტი შევუქმნათ. 

უბედურება რომ არ იყოს, სასაცილო არ არის, რომ აფხაზ კვეკვესკირსა და ქართველ კვეკვესკირს შორის ამდენი წელია ვიღაც რუსი დგას? და ორი ბიძაშვილი ერთმანეთს ვერ ელაპარაკება?

ხალხი მეტსაც ვაკეთებთ, ვიდრე შეგვიძლია. სრული მხარდაჭერაა. თბილისში უკრაინული დროშა უფრო მეტია, ვიდრე ქართული, მთავრობის განცხადებები რომ არ მოგვეწონა, მთელი თბილისი ქუჩაში გამოვიდა და აქციები აქციებზე მოეწყო. ბიჭები ომობენ ისე, რომ ირპენში რომ შევედით, სახელებით ცნობდნენ. 

რაც შეეხება „უკრაინულ დღეებს”, რას უნდა ელოდოს მკითხველი შენგან, მოკლე მონახაზი თუ შეგიძლია მოჰყვე, თუ ჯერ არ იცი, საით წაგიყვანს კალამი? 

ცოტა ამორფულ, ცოტა სპონტანურ, მაგრამ დღე-დღეზე მიყოლილ ამბებს…

ეს იქნება დოკუმენტურ-ჟურნალისტური რეპორტაჟი, თუ ეს მხატვრული რომანი, მხატვრული პერსონაჟებით?

არა, ეს არის სამხედრო რეპორტაჟი. გავრცობილი ერთი თვის განმავლობაში. ოდესმე თუ გამომადგება თუ არა ეს მხატვრული რომანისთვის, ერთმა ღმერთმა იცის.