ძველი და ახალი კინემატოგრაფიული შენაკადები, რომლებიც ჯერჯერობით დელტას ვერ ქმნიან…
ბერლინის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ახლახან დაიწყო და ყველა მშვენივრად ხვდება, რომ ახალი დირექტორატისთვის (სამხატვრო ხელმძღვანელი კარლო შატრიანი და აღმასრულებელი დირექტორი მარიეტა რისენბეკი) საფესტივალო ათი დღე ერთგვარი გამოცდაა – როგორ, ან რა გზებით შეძლებს ბერლინალე გამოცოცხლებას, განახლებას და როდის დაიბრუნებს ძველ გავლენასა თუ მნიშვნელობას.
კინოფესტივალი სინამდვილეში გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ საკონკურსო ან არაოფიციალურ პროგრამაში ჩაწერილი ფილმების სიაა. ეს მთელი წლის მუშაობის შეჯამებას გულისხმობს: უთვალავ შეხვედრას, ფილმების მკაცრ სელექციას, საჭირო და არასაჭირო მოგზაურობებს, ხშირად მოულოდნელ და ბოლო დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებას და რაც ყველაზე მტკივნეულია, მხოლოდ ოცამდე საკონკურსო ფილმის შერჩევას. უხილავი და „შავი სამუშაოს“ ხილული ნაწილის მნიშვნელობა მხოლოდ ფესტივალის დღეებში იგრძნობა, როდესაც ფილმებს პრესა და კინოკრიტიკოსები მთლიანობაში აფასებენ, დროისა და კონტექსტის გათვალისწინებით.
ასე რომ, ბუნებრივია, ბერლინის 70-ე კინოფესტივალს თან ახლავს სელექციის დრამატული შლეიფიც და ახალი დირექციის დაბნეულობაც. ეს აისახება კიდეც ჭრელ და სრულიად გაურკვეველ საკონკურსო პროგრამაზე, რომელსაც თან „იაფი“დამოუკიდებელი კინოს მხარდაჭერა სურს, თან სანდესის კინოფესტივალის მიბაძვა და ამავე დროს, ევროპაცენტრისტული (გერმანია-საფრანგეთი-იტალია) სულისკვეთებისა და ბალანსის შენარჩუნებაც სწადია.
მაგალითად, სრულიად გაურკვეველია, რატომაა დღეს მნიშვნელოვანი და აქტუალური ფრანგი ნახევრად ვეტერანი რეჟისორის, ფილიპ გარელის (რომელსაც ერთმა კრიტიკოსმა თავის დროზე „გოდარის უმცროსი ძმა“ შეარქვა) ფილმი „ცრემლების მარილი”? მხოლოდ იმიტომ, რომ შავ-თეთრი და ოდნავ მელანქოლიური მელოდრამაა, რომელშიც მაინც შენარჩუნებულია ფრანგული „ახალი ტალღის“ გემო.
21-ე საუკუნის პარიზი, მიუხედავად აფრო-არაბული პერსონაჟების გასაგები სიჭარბისა, მაინც უცნაურად შეჩერებული დროის „ზარხუფს“ ჰგავს. არც მობილური ტელეფონები, არც კომპიუტერები, არც გიგანტური ეკრანები და სარეკლამო ტექსტები. გეგონებათ, 60-იანი წლების რომანტიკული და ხელოვნური ატმოსფერო ხელოვნურად გაცოცხლდა, სადაც შეყვარებებულები ბარებსა და კაფეებში ერთმანეთს ხვდებიან და მობილური ტელეფონები არ არსებობს. მამა გაზეთებს ძველებურად კითხულობს, ხოლო მისი ვაჟი ხეზე ჭრის ხელოვნებას ასევე ძველებურ სახელოსნოში ეუფლება, სადაც ახალ ტექნოლოგიებს არც შეუღწევია… და ამ ყველაფრის ფონზე, სწორედ 60-იან წლების არქაული კინემატოგრაფიული ხატები და ტრუფო-გოდარები გახსენდებათ. რაც ხაზგასმულია კიდევ შავ-თეთრი გამოსახულებით. არადა, სიყვარულისა და ღალატის „მოკლემეტრაჟიანი“ ისტორიები ფილმში ისევე მარტივი და ბანალურია, როგორც სიგარეტისა და ყავა „ესპრესოს“ კლასიკური რითმა „ახალი ტალღის“ ფილმებში.
ამის საპირისპიროდ, ამერიკელი კელი რაიხარდტი ფილმში „პირველი ძროხა“ არ ეძებს ტრადიციულ კინემატოგრაფიულ ხატებს, მაგრამ კლასიკური თხრობაში თავისუფლებასა და ირონიას მაინც პოულობს. მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის დასავლეთ ამერიკაში ხდება. თავისი ქვეტექსტით ფილმი კონსერვატიული სათავგადასავლო ჟანრისკენაც გვიბიძგებს და თანამედროვე, პოლიტიკურ და მულტიკულტურულ კლიშეებსაც აშარჟებს. მაგალითად, როცა კეთილი ებრაელი კუკი ფიგოვიცი ათავისუფლებს ჩინელს, სახელად კინგ-ლუს, რუსული კომპანიისგან, რომელიც მას მოსდევს… რაც უკვე აბსურდული და სასაცილოა.
ფილმის ორი მთავარი პერსონაჟი – ჩინელი და ებრაელი, მალე ორეგონის შტატის მიყრუებულ დასახლებაში გემრიელი ნამცხვრების ბიზნესს წამოიწყებს: ღამით, ჩუმად წველიან სხვის ძროხას, რომელიც ერთადერთია ამ მხარეში; შემდეგ ამ რძით ნამცხვრებს ამზადებენ და ყიდიან. თუმცა მალე ყველაფერი ირკვევა და მათ გაქცევა მოუწევთ. უნდა ითქვას, რომ რაიხარტის ფილმი სრულიად ახალ, მოულოდნელ შრეებს წარმოაჩენს ვესტერნის ჟანრში და მიუხედავად უამრავი სასაცილო ეპიზოდისა, ის არ არის კომედია – უფრო ვესტერნის დროის ამერიკის დისტანციური და აბსურდული პორტრეტია.
მეწველი ძროხის გარდა, უცნაურად აქტუალური აღმოჩნდა მეძუძური ღორის ბედი ვიქტორ კოსაკოვსკის არასაკონკურსო, დოკუმენტურ ფილმში „გუნდა“. სწორედ გუნდა ჰქვია ფილმის მთავარ „გმირს“ – ღორს, რომელიც ნამდვილად გმირი-დედაა, რადგან აჩენს გოჭებს, შემდეგ ძუძუს აწოვებს და მერე იშორებს. რეჟისორი გუნდას ასობით სხვა შინაური ცხოველის ფონზე გვიჩვენებს, რომლებსაც ჯერ კარგად უვლიან ფერმებში და მერე მათ ნაშიერებს „სადღაც“ აგზავნიან… და ეს გაჩენა-ჭამა-გამგზავრება უცნაურად და დრამატულად საყურებელია. კიდევ უფრო უცნაურია, რა მანიპულაციით მოახერხა რეჟისორმა, ასე მშვიდად და დიდხანს დაეყოლიებინა „გუნდა“ რომ კინოკამერისთვის ეცქირა.
ეჭვი მაქვს, ცხოველთა დამცველები „გუნდას“ მალე გამოუჩნდებიან და რეჟისორს ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულებენ… ეს ისე, ოდნავ ირონიით, ცხოველთა მხარდასაჭერად. აი, მილიონობით ადამიანს რამდენიმე ათეული წლის წინათ სად და რატომ აგზავნიდნენ, ამაზე გერმანიაში დღემდე მტკივნეული რეაქცია აქვთ.